პენტაგონის ინფორმაციის მიხედვით, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში პირველად ჩაერთნენ და პირველი დანაკარგები განიცადეს.
როგორც Reuters წერს, ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, მაიორ-გენერალმა პატრიკ რაიდერმა რეპორტიორებთან ისაუბრა.
"ჩვენი შეფასებით, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები კურსკში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ... გვაქვს მაჩვენებლები, რომ მათ დანაკარგები განიცადეს, არიან დაღუპულებიც და დაშავებულებიც". - თქვა რაიდერმა.
რაიდერის თქმით, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების დანაკარგების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა დაამატა, რომ ისინი ბრძოლაში წინა კვირას ჩაერთნენ.
მანამდე, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო (ГУР) იტყობინებოდა, რომ14-15 დეკემბერს კურსკის ოლქში, სულ მცირე, 30 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი იყო მოკლული ან დაშავებული.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს იყენებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.





