რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მე-15 სანქციების პაკეტი დაამტკიცა

FRANCOIS WALSCHAERTS/AFP

უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ რიგით მე-15 სანქციების პაკეტი დაამტკიცა, რაც ჩინურ საწარმოებსა და ასევე რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებსაც მოიცავს.

აღნიშნული პაკეტით სანქციები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 52 ხომალდზე გავრცელდება, რომლებიც დასავლური სანქციების გვერდის ავლით, ნავთობის, შეიარაღებისა და მარცვლეულის გადატანას ცდილობენ. შედეგად, ევროკავშირის მიერ ჯამში ჩრდილოვანი ფლოტის 79 ხომალდი იქნება დასანქცირებული.

ევროკავშირმა გემების დასანქცირება წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც გაიზარდა ისეთი ტვირთმზიდი ხომალდების რაოდენობა, რომლებიც დარეგულირებული არ იყო ან დასავლეთში არ იყო დაზღვეული. სიაში ისეთი გემებიც შედის, რომლებმაც რუსეთს ჩრდილოეთ კორეული საბრძოლო აღჭურვილობაც მიაწოდა.

ამასთანავე, ახალი შეზღუდვები შეეხება 84 პირსა და საწარმოს, რომელთაგანაც 7 ჩინეთიდანაა. ეს სანქციები სავიზო შეზღუდვასა და აქტივების გაყინვას მოიცავს.

"კერძოდ, ერთი ინდივიდი და ორი საწარმო ევროკავშირის სანქციებისგან თავის არიდებას უწყობდნენ ხელს და ოთხი საწარმო სენსიტიურ დრონების კომპონენტებსა და მიკროელექტრონულ კომპონენტებს აწვდიდა რუსეთის არმიას". - წერია ევროკომისიის განცხადებაში.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ იგი მიესალმება ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტს.

"მადლობელი ვარ გადაწყვეტილებით, რომ მიზანში იყოს ამოღებული პუტინის ნავთობის ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტი, რომელიც რუსეთის ენერგოსექტორს ეხმარება [...] რუსეთის ომის მანქანა ნავთობით საზრდოობს. მულტიმილიარდიანი დოლარის ნავთობის შემოსავლებით, პუტინი ვერ შეძლებდა რეალურ მოლაპარაკებებზე უარის თქმას ან საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განადგურებას ამდენი წლის მანძილზე". - წერს ზელენსკი.

კომენტარები