ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუსის ბუდრისის თქმით, ევროკავშირმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლა უნდა აკრძალოს. მისი თქმით, ეს არის მინიმალური, რაც ევროკავშირმა უნდა გააკეთოს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
"იმედი გვაქვს, საჭირო ნაბიჯებთან დაკავშირებით შეთანხმება მოხერხდება. როდესაც ვხედავთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიციის ლიდერები დააკავეს და აქციის მონაწილეებზე ძალადობენ – ამის იგნორირებას ვერ მოვახდენთ და ვერ დავეთანხმებით.
ლიტვამ უკვე დააწესა სანქციები 30-მდე ადამიანის მიმართ, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ოპოზიციის პროტესტის სასტიკი ჩახშობის ორგანიზებაში. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ევროკავშირს, შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, ეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ჩვენ უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის. ეს არის მინიმალური, რაც უნდა გავაკეთოთ. ასევე უნდა გავაგზავნოთ ძლიერი სიგნალი იმის შესახებ, რომ შეგვიძლია მომავალში ამ აკრძალვის გაფართოება.
მესამე არის ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების შეჩერება საქართველოსთან, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ჩარჩოში, ასევე შევაჩეროთ ნებისმიერი ინსტიტუციური მოლაპარაკებები საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან და შევაჩეროთ ინსტიტუტების ფინანსური დახმარება. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ მხარს დავუჭერთ. ამისთვის გვჭირდება ფინანსური პაკეტი, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი. ახლაა ის დრო, როდესაც გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაშია, რომ ევროპა არ მიგატოვებთ, რომ ევროპა თქვენთანაა, ევროპას თქვენ სჭირდებით. ეს ახლავე უნდა გავაკეთოთ". - თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ბუდრისის თქმით, ისინი მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, რომ აუცილებელია არჩევნების ხელახლა ჩატარება. სწორედ ესაა სწორი გზა ამ ვითარების გადასაჭრელად". - თქვა ბუდრისმა.
საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.
ევროკავშირს რუსული კანონის მიღებისშემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
მიუხედავად ამისა, ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.





