საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ცენტრისტი პოლიტიკოსი ფრანსუა ბაირუ დანიშნა.
ბაირუ, რომელიც პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერია, მაკრონის მოკავშირედ ითვლება. ფრანგული მედიის ცნობით, ბაირუს საჯაროდ დასახელებამდე, მაკრონს მასთან თითქმის ორსაათიანი "დაძაბული" საუბარი ჰქონდა.
მაკრონს პრეზიდენტობის მეორე ვადის ნახევარი თითქმის გავლილი აქვს, თუმცა მიმდინარე წელს მას უკვე მეოთხე ახალი პრემიერი ეყოლება. ამის მიუხედავად, მაკრონმა პირობა დადო, რომ გადადგომას არ აპირებს და თანამდებობაზე 2027 წლამდე დარჩება, როდესაც მისი მეორე ვადა ამოიწურება.
მაკრონისთვის ახლა მნიშვნელოვანი იქნება უზრუნველყოს, რომ ბაირუმ თანამდებობაზე მის წინამორბედზე დიდხანს გაძლოს. ყოფილმა პრემიერმინისტრმა მიშელ ბარნიემ თანამდებობაზე მხოლოდ სამი თვით გაძლო. მას 5 დეკემბერს ეროვნულმა ასამბლეამ უნდობლობა გამოუცხადა, რასაც მთავრობის დაშლა მოჰყვა, რაც 1962 წლის შემდეგ საფრანგეთში პირველად მოხდა.
ბარნიესადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა "ჭეშმარიტების მომენტს მიაღწია" და დაამატა, რომ ბარნიეს შემცირებული ბიუჯეტის გეგმები საშიში და უსამართლო იყო და ეს საფრანგეთისთვის ქაოსს ნიშნავდა.
მეორე მხრივ, საფრანგეთის მემარცხენე პარტიამ "ქედმოუხრელი საფრანგეთი" (La France Insoumise) მაკრონის გადადგომა მოითხოვა. "ნდობის გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონის მთელი პოლიტიკა დამარცხდა და ჩვენ ვითხოვთ, რომ ის წავიდეს". - განაცხადა მატილდა პანომ.
ახალი პრემიერის გამოწვევად კვლავ რჩება ისეთი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც მისი წინამორბედის ბედს არ გაიზიარებს.