ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

არ ვცნობთ 14 დეკემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს – სამი ოპოზიციური ძალის განცხადება

TV პირველი

სამი ოპოზიციური ძალა, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ხელისუფლების არცერთი შტოს ლეგიტიმურობას არ ცნობენ, მათ შორის, არც 14 დეკემბერს ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს აღიარებენ. 

ოპოზიცია განცხადებაში მოთხოვნებად ახალი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ასახელებს. 

განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა "არჩევნების ნაცვლად მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ". ოპოზიციური პარტიები ასევე აღნიშნავენ, რომ ივანიშვილმა დაპირებული მშვიდობის ნაცვლად ქვეყანაში ტერორი მოაწყო. 

ოპოზიციური პარტიები ხაზს უსვამენ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი საქართველოს პრეზიდენტია და პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება. 

გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თანადგომას აფასებენ და მკვეთრ და ქმედით ნაბიჯებს ელიან. 

ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები, არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არც ერთ შტოს, რადგან ივანიშვილმა არჩევნების ნაცვლად მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ.

ივანიშვილმა, პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ევროპულ და დემოკრატიულ არჩევანს.

მისმა ბანდფორმირებებმა, 500-მდე ადამიანი პოლიტიკურ პატიმრად აქცია, რომელთაგანაც 400-მდე წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

პასუხად ქართველი ხალხი აგრძელებს მტკიცე, უწყვეტ და უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროტესტს მთელს ქვეყანაში, რაც გამარჯვების მთავარი წინაპირობაა.

მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ლეგიტიმური პოლიტიკური სპექტრი და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, მოვითხოვთ საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისათვის მებრძოლი პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

რეჟიმის არც ერთი მსხვერპლი არ დარჩება სათანადო ზრუნვის, ხოლო არც ერთი მოძალადე - უმკაცრესი სასჯელის გარეშე. ყველა პირი, რომელიც ძალადობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, პასუხს აგებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლისა და ძალადობის ობიექტი გახდა თავისუფალი მედია.

მადლობას ვუხდით და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი - სალომე ზურაბიშვილია.

არ ვცნობთ 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში, რომელსაც არა აქვს არც საერთაშორისო და არც ჩვენი ლეგიტიმაცია, ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში.

შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ახალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ საკუთარი სახელმწიფოს ბედს.

ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას, ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს.

კომენტარები