რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 11 დეკემბერს უკრაინამ როსტოვის ოლქში მდებარე ტაგანროგის სამხედრო აეროდრომზე 6 ამერიკული ATACMS-ის რაკეტით იერიში მიიტანა, კრემლში კი საპასუხო დარტყმით იმუქრებიან.
"მსურს შეგახსენოთ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს აბსოლუტურად ცალსახა, პირდაპირი განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა და რომელშიც ნათქვამია, რომ პასუხი იქნება მაშინ და ისე, როგორც ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება." - თქვა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში ირწმუნებოდნენ, რომ მათ პანცირის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით ATACMS-ის 2 რაკეტა ჩამოაგდეს, 4 კი რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით მოიგერიეს. თუმცა, განცხადებაში ეწერა, რომ რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად სამხედროები დაშავდნენ. ამავდროულად ირწმუნებიან, რომ ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.
აქამდე როსტოვის ოლქის გუბერნატორმა თქვა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საწარმო და დაიწვა 14 ავტომობილი.
უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ებით იერიში ნებართვის მიღებიდან მცირე ხნის შემდეგ, 19 ნოემბერს მიიტანეს. საპასუხოდ, 21 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაზე დარტყმა ორეშნიკის ტიპის კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. როგორც რუსული მხარე ამბობს, მათ იარაღი გამოცადეს.