დავით კეზერაშვილი

სასამართლო დავის შედეგად BBC-მ გაიხმო ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები – კეზერაშვილი

ტელეკომპანია ფორმულა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, სასამართლო დავის შედეგად გამოცემა BBC-მ თავისი პლატფორმებიდან ყველა მასალა გაიხმო, რომელშიც კეზერაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები იყო მოცემული. 

როგორც კეზერაშვილი წერს, ეს ფაქტობრივად ადასტურებს, "რომ გამოთქმულ ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას" მის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ტელეკომპანიამ ვალდებულება აიღო, რომ მასზე "ცილისმწამებლურ ინფორმაციას" მომავალშიც არ გაავრცელებს. 

"ტელეკომპანია BBC-მ, ჩემს მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო, ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. "ბიბისის" ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც ფაქტობრივად დადასტურდა რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით.

BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო, რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას

ბიბისი ამინაზღაურებს ჩემს სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს". - წერს კეზერაშვილი. 

კეზერაშვილის თქმით, სასამართლოსთვის მომზადებული მასალები აჩვენებს, რომ ის არანაირი უკანონო შემოსავლით არ სარგებლობს, ხოლო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია "ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად". 

"სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები, ცალსახად და არაერთგვაროვნად, აჩვენებს რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს შესაძლოა ვსარგებლობდე რაიმე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა. ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებული შემდგომი კამპანიაც, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად". - წერს კეზერაშვილი. 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ მის უდანაშაულობას საქართველოს გარეთ სხვა სასამართლო პროცესებიც ადასტურებს. 

"ამას საქართველოს გარეთ ჩატარებული სხვა სასამართლო პროცესების შედეგებიც ადასტურებს.

ქართული ოცნების ყველა მსგავსი კამპანია სასამართლოებმა ან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად (2024 წლის ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) ან პოლიტიკურ დევნად შეაფასეს (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები).

მადლობა მინდა გადავუხადო იურიდიულ გუნდს, რომელმაც ბევრი იშრომა, რათა ჩემი სიმართლე დამტკიცებულიყო". - წერს კეზერაშვილი. 

კეზერაშვილთან დაკავშირებულ მასალებზე BBC-მ 6 დეკემბერს განმარტება გაავრცელა. როგორც გამოცემა განმარტავს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ მასალებში აღნიშნული იყო, რომ ის საქართველოში ქონების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნეს. განმარტებაში BBC აზუსტებს, რომ კეზერაშვილი მის წინააღმდეგ ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა, მისი ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა კი უესტმინსტერის ქვედა ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

"2023 წლის აპრილში, BBC-მ გამოაქვეყნა და გაუშვა BBC News-ის სტატია სათაურით, "მილიარდი დოლარის თაღლითობის მიღმა ბიზნესის ძიებაში", რადიო გადაცემა "მილიარდი დოლარის თაღლითობა", პროგრამა სახელწოდებით "მილიარდი დოლარის თაღლითობა" და დაკავშირებული ამბავი Newsnight-ზე. სხვა საკითხებთან ერთად, ეს პუბლიკაციები იტყობინებოდნენ, რომ დავით კეზერაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის დროს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საქართველოში სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნეს. 

BBC-ს სურს გაიმეოროს, რომ ბატონი კეზერაშვილი ყოველთვის უარყოფდა საქართველოში მის დაუსწრებლად მსჯავრდადებას, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. ასევე სიხარულით ცხადვყოფთ, რომ უესტმინსტერის ქვედა ინსტანციის სასამართლომ უარყო საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა ბატონი კეზერაშვილის ექსტრადიციის შესახებ, რადგან ინგლისის სასამართლომ დადგენილებით, "ბალანსის მხრივ [...] უფრო სავარაუდოა, ვიდრე არა, რომ ენმ-ს ყოფილი პოლიტიკოსების გასამართლება წარმოადგენს მიზეზს" კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნების მიღმა". - წერს BBC. 

BBC-ის პლატფორმებზე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული მასალები აღარ იძებნება. 

BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი კეზერაშვილმა 2023 წლის 17 მაისს შეიტანა.  

"მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც ცნობილი ოპოზიციური ტელეარხის, ფორმულას, დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია.

ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის "სანდოობას", რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო". - ვკითხულობთ მის წერილში. 

12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც ეხებოდა თაღლითების საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც ქოლ-ცენტრებს იყენებს. გამოძიების ბრალდებით, ამ სქემის უკან დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი.

კეზერაშვილი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერს იზამს იმისთვის, რათა სასამართლოს მეშვეობით "ბრალდებების უსამართლობა" დაამტკიცოს.

მილიარდების თაღლითები, რომლებიც ცხოვრების დანაზოგს მოგპარავენ – BBC-ის გამოძიება კეზერაშვილზე

კომენტარები