დავით კეზერაშვილი

კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ტელეკომპანია ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელმა, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კეზერაშვილი კვლავ უარყოფს ბრალდებებს, რომლებიც ბრიტანული მედიის გამოძიებაში ეწერა.

"დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან. ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა.

მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც ცნობილი ოპოზიციური ტელეარხის, ფორმულას, დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია.

ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის "სანდოობას", რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო". – ამბობს კეზერაშვილი.

აქამდე, 12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც ეხებოდა თაღლითების საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც ქოლ-ცენტრებს იყენებს. გამოძიების ბრალდებით, ამ სქემის უკან დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი.

კეზერაშვილი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერს იზამს იმისთვის, რათა სასამართლოს მეშვეობით "ბრალდებების უსამართლობა" დაამტკიცოს.

მილიარდების თაღლითები, რომლებიც ცხოვრების დანაზოგს მოგპარავენ – BBC-ის გამოძიება კეზერაშვილზე

კომენტარები