ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

საია: ხორციელდება დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ

ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) მიმდინარე პრო-ევროპული საპროტესტო აქციების მეათე დღეს აქციების დარბევის მეთოდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ირღვევა მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების და დაკავებულების აბსოლუტური უფლება - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა.

"ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ ხორციელდება დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ. 2024 წლის 28 დეკემბრიდან საქართველოში, როგორც ოფიციალური საპოლიციო ღონისძიების ნაწილი,[  ხდება:

  • წამება; არაადამიანური; დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; ნაცემია დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა.

  • აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) გამოყენების წესების, არა მარტო, დარღვევა, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება;

  • არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე;  

  • მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ; რაც, რიგ შემთხვევებში, დაზიანებებით და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით სრულდება.  

  •  უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით (დაკავებულია 500-მდე პირი, ხოლო, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით სახელმწიფოს ევროპის საბჭოს კომისარმაც მიმართა);

  • ჩხრეკა/ამოღების ოპერაცია ბინებსა/ოფისებში;

  • სისხლის სამართლის მექანიზმების დემონსტრანტების მიმართ გამოყენება (დაკავებულია 30-ზე მეტი პირი);

  •  მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ - გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება საჯარო მოხელეებში მათი გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარით და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებით"

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ზომების მიღებას წინ უძღვის ცრუ განცხადებები მანიფესტაციის კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ. ხოლო განცხადების სიცრუეს ადასტურებს ეუთოს შეფასებაც, რომლის თანახმად, საპროტესტო აქციაში მშვიდობიანი მოქალაქეები იღებენ მონაწეილეობას:

"მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერი ძალის გამოყენებას, როგორც წესი, წინ უძღვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცრუ განცხადება იმის თაობაზე, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნებს და გახდა სრულად ძალადობრივი. იმ ფაქტს, რომ ეს განცხადება არის ცრუ, ასევე, ადასტურებს, ეუთოს შეფასებაც, რომლის თანახმადაც: "[...] მომიტინგეების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი იყო". ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR)  პრაქტიკის მიხედვით, როდესაც აქციის მონაწილეთა უმრავლესობა არის მშვიდობიანი, ვერანაირი ფაქტი ვერ აქცევს შეკრებას არამშვიდობიანად, და, შესაბამისად, მთლიანი აქციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა ვერ გამართლდება. ამრიგად, აბსოლუტურად ყველა შემთხვევა გასული 10 დღის განმავლობაში, სადაც საპოლიციო რაზმებმა დაიწყეს სრული მასშტაბით აქციის დაშლა, იყო  უკანონო" - ნათქვამია განცხადებაში.

საიას ანგარიშის მიხედვით, აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები საყოველთაო, სისტემური და ფართომასშტაბიანი ხდება:

"საყოველთაოა, და, თითქმის ყველა შემთხვევაში ხდება ფიზიკური ძალადობა დაკავებულების მიმართ, თუმცა, ასევე, მათ მიმართაც, ვინც თითქმის უგონო მდგომარეობაში  დახმარებას საჭიროებენ. 500-მდე  დაკავებულიდან თითქმის ყველას მიმართ ჰქონდა ადგილი ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ერთად ფიზიკურ ძალადობას. [აქციაზე დაკავებულ და დაზიანებულ მოქალაქეებს] მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს".

დაკავებულების თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავების დროს, ასევე - დაკავების შემდეგ პერიოდში. მათ მიკროავტობუსში რამდენიმე სპეცრაზმელი სცემდა. ცემასთან ერთად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ, უყვიროდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. სპეცრაზმელები დაკავებულებს მობილურ ტელეფონებს ართმევდნენ და სთხოვდნენ კოდის მოხსნას. ზოგ შემთხვევაში დაკავებულებზე ძალადობა გრძელდებოდა განყოფილებაშიც. ერთ-ერთი დაკავებულის მიხედვით, ფიზიკური ძალადობით ცდილობდნენ მისთვის  დანაშაულის  აღიარება ეიძულებინათ".

განცხადების თანახმად, სპეციალური საშუალებების გამოყენების პრაქტიკა არაადამიანური მოპყრობის ხარისხს აღწევს, ხოლო სპეცრაზმი, ამ საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენების წესების უგულვებელყოფით, ხშირად  ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს უსაფუძვლოდ იყენებს:

"ცრემლსადენი გაზის კაფსულებს ისვრიან დიდი რაოდენობით და ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანთა ჯგუფი მჭიდროდ დგას ერთად, რაც ქმნის მათი პირდაპირი დაზიანების რეალურ რისკს. კაფსულები ისროლეს ასევე შენობების სახურავებიდანაც, მათ შორის არაერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ კაფსულების გასროლა ხდებოდა რუსთაველის ეროვნული თეატრის სახურავიდანაც. ასევე, დაბალ ტემპერატურაში დისპროპორციულად იყენებენ წყლის ცივ ჭავლს.

შსს კვლავ აგრძელებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევას, რომელსაც მოაქვს გაცილებით დიდი ზიანი. აქციაზე მყოფი არაერთი მოქალაქე აღნიშნავს გამოყენებული სპეციალური საშუალებების განსაკუთრებით მავნე ზემოქმედებას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მიუხედავად საია-ს მოწოდებისა შსს-ს მიმართ, გაასაჯაროოს, თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს მაინც ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა, შსს კვლავ საზოგადოებისთვის უცნობ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

გარდა სპეციალური საშუალებებისა, სპეციალურმა დანიშნულების რაზმება დაიწყეს ალყაში მოქცევის ტაქტიკის გამოყენება, როდესაც ისინი რამდენიმე მხრიდან იწყებდნენ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, ძალადობასა და დაკავებებს. ადამიანის უფლებათა სამართლის მიხედვით, აღნიშნული ქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, როდესაც ის არის პროპორციული, სხვა შემთხვებში, როდესაც გამოყენებულია სხვა სპეციალური საშუალებები, მსგავსი ტაქტიკა უქმნის აქციის მონაწილეებს დისპროპორციულ საფრხეს ჯანმრთელობის დაზიანების ან სხვა ზიანის. იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმები უკვე იყენებდნენ სხვა სპეციალურ საშუალებებს დისპროპორციულად, მსგავსი ტაქტიკა არღვევს, არა მარტო, შეკრების თავისუფლებას, არამედ, წარმოადგენს დემონსტრანტების ფსიქოლოგიური ტერორის იარაღს". - წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, აქციების დარბევისას განსაკუთრებულ სამიზნეს მედია წარმოადგენს, მედია წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული ღონისძიების ყველა ეპიზოდის მიზანი კი მედიის ფუნქციონირების ჩახშობაა.

"ჟურნალისტების საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლის შემთხვევები, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება და კამერების განზრახ დამტვრევა, ასევე ფიზიკური ძალადობა და დაკავება აქციების თანმდევია, რაც  მიუთითებს საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები". - წერია განცხადებაში.

საიას ანგარიში ასევე შეეხო 2024 წლის 7 დეკემბრიდან ადამიანების იძულებით გაუჩინარებასა და საპროცესო გარანტიების უგულებელყოფას:

"ადამიანები უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიჰყავთ საკუთარი სახლებიდან უცნობ პირებს ისე, რომ მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის უცნობია რა საფუძვლით ან სად მიჰყავთ ისინი. ასევე, უცნობია არიან თუ არა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ის პირები, რომლებსაც ადამიანები გადაჰყავთ. ადვოკატებისთვის და ოჯახის წევრებისთვის შემდგომ საათობით უცნობია პირის ადგილსამყოფელის, მდგომარეობის და მისი საპროცესო-სამართლებრივი  სტატუსის შესახებ.

კერძოდ, 7 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აქციის მონაწილეებს მათთვის უცნობმა პირებმა მიაკითხეს სახლებში. მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების განცხადებით, ისინი საცხოვრებელი სახლებიდან გაიყვანეს იმ პირებმა, რომლებიც საკუთარ თავს მოიხსენიებდნენ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებად, თუმცა, არ ეცვათ პოლიციის ფორმები. ერთადერთი, რასაც მათ ეუბნებოდნენ ის იყო, რომ გასაუბრება სურდათ. მათ, ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე წაიყვანეს ადამიანები". -ნათქვამია განცხადებაში.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნული პრაქტიკა შესაძლოა გაუტოლდეს იძულებითი გაუჩინარების კვალიფიკაციას, ხოლო სახელმწიფო უხეშად უგულებელყოფს საპროცესო გარანტიებს, მათ შორის, ადვოკატის დახმარების უფლებას: "იძულებითი გაუჩინარების კვალიფიკაცია, ხდება მაშინ, როდესაც კერძო პირები, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს უფლებამოსილებით, მხარდაჭერით ან თანხმობით,  ფარულად იტაცებენ, აკავებენ ან სხვაგვარად თავისუფლებას ართმევენ ადამიანებს ისე, რომ მათი ბედს ან ადგილსამყოფელს მიზანმიმართულად მალავენ, რაც ადამიანებს კანონის დაცვის მიღმა აყენებს.ამასთან, სახელმწიფო უხეშად უგულებელყოფს საპროცესო გარანტიებს, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, როგორიცაა დაკავებისთანავე ადვოკატის დახმარების უფლება".

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნული პირების ნაწილი  ადვოკატის თანხლების გარეშე იძულებით შეიყვანეს გამოკითხვაზე:

"როგორც შემდგომ გამოიკვეთა, აღნიშნული პირების ნაწილი გადაიყვანეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც, მიუხედავად ადვოკატების განმარტებისა, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფებს არ სურდათ გამოკითხვაში მონაწილეობა, აღნიშნული პირები იძულებით შეიყვანეს გამოკითხვაზე. გამოკითხვაზე იძულებით მყოფ ადამიანებთან შესვლის უფლება ადვოკატს არ მიეცა და ის პროცედურის დასრულებას უწყების კართან ელოდა. ამავდროულად, სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი პირისგან მიიღო შემაშფოთებელი ინფორმაცია. კერძოდ, დაკავებულის განმარტებით, ნიღბიანმა ადამიანებმა, დაკავებისას მასთან ერთად სამართალდამცავი უწყების სამარშუტო ტიპის ავტომობილში მყოფ ადამიანს იძულებით მოაკიდებინეს ხელი დანისთვის, პარალელურად მას ამეორებინებდნენ, რომ ეს მისი ცივი იარაღი იყო". - წერს საია.

ამასთან ერთად, საიას თანახმად, პროტესტის წინააღმდეგ მოქმედებენ არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებები: "მზარდია ძალადობრივი დაჯგუფებების თავდასხმის ფაქტები ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და, ასევე, 2024 წლის აპრილ-მაისში ასეთი დანაშაულებრივი პრაქტიკის გამოყენება, გვარწმუნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არაფორმალურ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ალიანსში მოქმედებენ".

განცხადების მიხედვით, ყველაფერთან ერთად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურების უმოქმედობა მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე აღნიშნულ ძალადობასთან:

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემური უმოქმედობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ბოლო 10 დღის განმავლობაში, ასევე, წარსულში მსგავსი ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით, მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე აღნიშნულ ძალადობაში". - წერია ანგარიშში.


ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

პრემიერმინისტრის განცხადებას მოქალაქეების თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც უკვე მეცხრე დღეა მიმდინარეობს.

ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს არაერთხელ გაუსწორდნენ სასტიკად - იყო შემთხვევები, როცა ისინი მოქალაქეებს დაშლის ნაცვლად კუთხეში იმწყვევდნენ.

დაკავებულია ასეულობით ადამიანი, რომელიც დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე საუბრობს. 

კომენტარები