მოქალაქე, რომელიც მანქანით საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, 1 000 ლარით დააჯარიმეს. მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ვიდეო პუბლიკამ გაავრცელა.
"გზა ჩავკეტეთ შვიდმა ავტომობილმა, რვა ავტომობილმა, რაზე დაწერეთ ათასლარიანი ჯარიმა, ვერ გამეცით პასუხი, მიზეზი მითხარით" - მიმართავს მანქანის მძღოლი პოლიციელებს.
ვიდეოს ავტორს კითხვაზე, რატომ დააჯარიმეს მოქალაქე, პოლიციელები უმეორებენ - "მძღოლს განემარტა".
"ვერაფერი ახსნეს, ათასლარიანი ჯარიმა დაწერეს, გზას კეტავდითო და გზას რამდენი ავტომობილი ვკეტავდით, მარტო მე ხომ არ ვკეტავდი გზას? ეს იყო ჩვენი პროტესტი... არც მოძრაობა არ იყო რეალურად, მაგრამ თან ჩვენ გვქონდა პროტესტი, აქციის მონაწილე იყო ძალიან ბევრი და ასევე, მანქანა იყო ძალიან ბევრი, საპროტესტო მანქანები, მთლიანად ჩავკეტეთ გზა.
ათასი ლარი რის გამო, ამათ ჰგონიათ, ჩვენ აქტივისტებს აღარ გავყვებით, რომ დავეხმაროთ საჭიროების შემთხვევაში? ამით ვერ შეგვაშინებენ ვერასდროს" - ამბობს მოქალაქე.
პუბლიკას ცნობით, ჯარიმის ოქმში მითითებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 პრიმა ნაწილი, რაც გულისხმობს "ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვას ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული".
პროტესტის მეექვსე ღამეს სპეცრაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი და გაზის კაფსულები. ასევე, ცემეს და დააკავეს რამდენიმე აქტივისტი. მოგვიანებით, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს. მომიტინგეები დააკავეს რესპუბლიკის მოედანზეც.
ამის შემდეგ, დემონსტრანტებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, საიდანაც თბილისის მერიისკენ წავიდნენ მსვლელობით. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა დილის 06:00 საათზე, ვაჟა ფშაველას გამზირზე დაასრულეს. მათი თქმით, 4 დეკემბერს, საღამოს, პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან.
28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს. იმავე საღამოს, თბილისსა და სხვა ქალაქებში თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები დაიწყო. ექვსი დღეა, სპეცრაზმი ძალადობრივად არბევს დემონსტრაციებს და აკავებს მოქალაქეებს.