არჩევნები 2024

იმერლიშვილი: საკონსტიტუციოში არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პარტიული სიმპათიებით

საქართველო ევროპაა!!!

ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. ქართველები ემოციურები ვართ, "ცხელ გულზე" გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი.

როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ დავეთანხმე, მაშინ მომნათლეს ნაციონალების მომხრე მოსამართლედ; როდესაც უგულავას სარჩელი არ დავაკმაყოფილეთ, მაშინ ოცნების მომხრედ გამომაცხადეს; მელიას ან/და "რუსთავი 2"-ის სარჩელზე განსხვავებულ აზრზე დარჩენის შემდგომაც ნაციონალი ვიყავი. უსასრულოდ შეიძლება საქმეების ჩამოთვლა... ახლა, როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლე, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში, ყოველთვის უნდა დარჩეს მიუკერძოებელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება.

ვუერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს.

მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! ჩვენ კი, საქართველოს თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ჩვენთვის დაკისრებულ მოვალეობებს და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ ევროპის კავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, განსახილველად არ მიიღოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ შეტანილი სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ. 

კომენტარები