არჩევნები 2024

საკონსტიტუციომ პრეზიდენტის და ოპოზიციის სარჩელები განსახილველად არ მიიღო

2024 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნებული სამართლებრივი აქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების საჩივრები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით. 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები ("საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ").

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი N1848 და N1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.

4. განჩინებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი N1848 და N1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.

5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს". - წერია დოკუმენტში.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ 19 ნოემბერს შეიტანა. სარჩელი ორი კონსტიტუციური პრინციპის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმის მიცემის საყოველთაობის დარღვევას ეხებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი 20 ნოემბერს დაარეგისტრირა.

კომენტარები