თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ტრადიციული კინოჩვენების ნაცვლად საპროტესტო მსვლელობით გაიხსნა.
30 ნოემბერს თბილისი კინოფესტივალმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
გარდა ამისა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ქართული ფილმების ჩვენებები ამოიღეს.
რიგით 25-ე კინოფესტივალის გახსნაზე ტატო კოტეტიშვილის წმინდა ელექტროენერგია უნდა ეჩვენებინათ. ორგანიზატორებმა და ფესტივალის მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
"დღეს უნდა შემდგარიყო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმო გახსნა. სამწუხაროდ, იმ სიტუაციის გამო, რომელიც შეიქმნა ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობით, ჩვენ ვერ ვატარებთ ფესტივალს იმ მასშტაბით, როგორიც იყო ჩაფიქრებული, ქართული პანორამა მთლიანად გაუქმებულია, ფესტივალის გუნდისა და ქართველი რეჟისორების ერთობლივი გადაწყვეტილებით, რადგან, ჩვენ ვთვლით, რომ მაშინ, როდესაც დედაქალაქის ცენტრში იმართება მასშტაბური, მასობრივი აქციები, რომლის მონაწილეები ითხოვენ საქართველოს დაბრუნებას ევროპის გზაზე, არჩევნების შედეგების გაუქმებას და რომლებსაც სდევნიან, სასტიკად არბევენ, ამ დროს ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ვიზეიმოთ". – თქვა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე უცხოური ფილმების ჩვენება გეგმისამებრ გაგრძელდება.





