აშშ-უკრაინა

Politico: ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დამატებით $24 მილიარდის გამოყოფა სთხოვა

ჯო ბაიდენი
Photo: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისთვის დამატებითი 24 მილიარდი დოლარი გამოყოს. 

Politico-ს ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-ბიუჯეტურმა სამმართველომ ამ ფინანსური დახმარების საკანონმდებლო პაკეტში ჩართვა შესთავაზა, რათა მომავალ საპრეზიდენტო ადმინისტრაციას არ შეეძლოს მისი დაფინანსების შეჩერება.

24 მილიარდი დოლარის საერთო თანხიდან 8 მილიარდი გათვალისწინებულია ამერიკული კომპანიების იმ კონტრაქტების დასაფინანსებლად, რომლებიც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ეხება, ხოლო დარჩენილი თანხა, 16 მილიარდი დოლარი, ამერიკული სამხედრო არსენალის მარაგების შევსებას უნდა მოხმარდეს.

ბაიდენის ამ ნაბიჯს რესპუბლიკელთა ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა:

"ჯო ბაიდენმა სულ ახლახან ერთპიროვნულად გადასცა გადასახადების გადამხდელთა ფული - 4.7 მილიარდი უკრაინას "სესხების გასაუქმებლად".  კონგრესმა არ უნდა მისცეს მას თანამდებობის დატოვებამდე იმის უფლება, რომ ეს უფასო საჩუქრად ჩაეთვალოს, რაც ხელს შეუშლის პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ბაიდენის ნებისმიერი დაფინანსების მოთხოვნა უნდა იყოს უარყოფილი" - დაწერა იუტას შტატის სენატორმა, მაიკ ლიმ თავის X-ზე.

კომენტარები