25 ნოემბრის დილას უკრაინის ძალებმა რუსეთის ქალაქ კალუგაში სამხედრო დანიშნულების კიდევ ერთ საწარმოზე მიიტანეს იერიში, კერძოდ, ქარხანაზე ტაიფუნი (Тайфун).
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრეი კოვალენკო თავის ტელეგრამზე ავრცელებს.
კოვალენკოს თქმით, ტაიფუნის ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია და საკომუნიკაციო სისტემებს, რადიოელექტრონული დაზვერვის და კავშირის საშუალებებს, ოპტიკურ-ელექტრონულ სისტემებს და სარაკეტო და საავიაციო სისტემებისთვის განკუთვნილ ნაწილებს აწარმოებს. Українська правда-ს ინფორმაციით, ქარხანაში ასევე ინახება რუსეთის ჯარების აღჭურვილობა და საჭიროების შემთხვევაში ხდება სამხედრო ტექნიკის შეკეთება, გაუმჯობესება და შენახვა.
ამავდროულად, კალუგის ოლქის გუბერნატორმა, ვლადისლავ შაპშამ ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის სამი საათის შემდეგ თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, თუმცა საწარმოს სახელწოდება არ დაუკონკრეტებია.





