ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს საგარეო პოლიტიკის განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ გამბედაობას და, იმავდროულად, სიფრთხილეს. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, დღეს ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, თუ რამხელა გავლენას ახდენენ საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაზე, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და, პირიქით, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე.
ჩემთვის ეს არის ნამდვილად დიდი პატივი, ვიყო ჩემი ქვეყნის სამსახურში უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ გამოცხადებული იქნება ნდობა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა არასდროს ყოფილა მარტივი, თუმცა ჩემი მხრიდან ყოველი დღე და ყოველი წუთი მიეძღვნება სწორედ იმას, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მიზნები დაცული საერთაშორისო არენაზე.
ერთგვარად სახლში დაბრუნებასავით არის ჩემთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა, ფაქტობრივად გავიზარდე ამ სამინისტროში. თუმცა, არ შეიძლება არ აღვნიშნო ის გამოცდილება, ის ძალა და ენერგია, რომელიც მე დღეს მომყვება საპარლამენტო გუნდიდან საპარლამენტო საქმიდან.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რომელსაც მე მიცხადებთ და ახლა უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შევეცდები, რომ დავიცვა მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.