არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის, მხარდამჭერების ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ლიბერტარიანული პარტიის შეიარაღებულ ფრთას აყალიბებენ და განაცხადეს, რომ დაჯგუფება მიზანდასახული იქნება, მილეის პოლიტიკური დღის წესრიგი ერთგულად დაიცვას.
ე.წ. "ზეციური ძალები" (Las fuerzas del cielo) 16 ნოემბერს არგენტინის პრეზიდენტის მხარდამჭერმა და მემარჯვენე ინფლუენსერმა დანიელ პარისინიმ ჩამოაყალიბა, რომლის დახასიათებითაც დაჯგუფება მილეის "პრეტორიელების გვარდია" იქნება.
"ზეციური ძალების დაჯგუფება, რომელსაც ჩვენ დღეს ვაარსებთ, La Libertad Avanza-ს შეიარაღებული ფრთაა. ეს პრეზიდენტი ხავიერ მილეის პრეტორიელების გვარდიაა, ჩვენ კი მისი ყველაზე ერთგული ჯარისკაცები". - განაცხადა პარისინიმ გავრცელებულ ვიდეოში.
მიუხედავად იმისა, რომ პარისინიმ დაჯგუფებას შეიარაღებული უწოდა, ქვეყნის დედაქალაქ ბუენოს აირესში გამართულ ღონისძიებაზე და გავრცელებულ ვიდეოში დაჯგუფების არცერთ მხარდამჭერს ცეცხლსასროლი იარაღი არ უჩვენებია.
თუმცა, პარისინის თქმით, ახალი დაჯგუფება მილეის პარტია La Libertad Avanza-ის შიგნით მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე არჩეული თანამდებობების მოპოვებას შეეცდება.





