ხავიერ მილეი

რომის პაპი შეხვდა არგენტინის პრეზიდენტს, რომელმაც მანამდე მას იმბეცილი და კომუნისტი უწოდა

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპს ფრანცისკეს წმინდა პეტრეს ტაძარში ხვდება, 11 თებერვალი, 2024
Vatican Media via AP, HO

კვირას, 11 თებერვალს, წმინდა პეტრეს ტაძარში არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა. მესაზე არგენტინის პირველი ქალი წმინდანის კანონიზების რიტუალი ჩატარდა.

ცერემონიის დროს პრეზიდენტი ფრანცისკეს მარჯვნივ იჯდა და როდესაც მილეის სანახავად ფრანცისკე ეტლით მიიყვანეს, არგენტინის პრეზიდენტი მას გადაეხვია, ხოლო შეხვედრის შემდეგ Instagram-ზე მილეიმ პაპ ფრანცისკეს მადლობა გადაუხადა.

მანამდე იყო შემთხვევები, როდესაც ხავიერ მილეიმ პაპ ფრანცისკეს "იმბეცილი", "ბინძური მემარცხენე", "კომუნისტი" და "ამქვეყნად ბოროტების წარმომადგენელი" უწოდა, რადგან მილეის თქმით, რომის პაპი "სოციალური სამართლიანობის" იდეებს ემხრობა.

არგენტინაში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მილეიმ ფრანცისკეს შეურაცხმყოფელი სიტყვებისთვის ბოდიში მოუხადა, სატელეფონო საუბრისას კი პაპმა მილეის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და "გამბედაობა და სიბრძნე" უსურვა. ხოლო 27 ნოემბერს, პაპმა ხავიერ მილეის სკვნილი (სავარდი) გაუგზავნა.

მილეი ორშაბათს იტალიის პრემიერმინისტრს ჯორჯია მელონის შეხვდება, რის შემდეგაც შეხვედრა ფრანცისკესთანაც აქვს დაგეგმილი.

კომენტარები