აშშ

აშშ-ში დააკავეს პაკისტანის მოქალაქე, რომელიც პოლიტიკოსების მკვლელობას გეგმავდა

US Justice Department via AP

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქეს, რომელიც აშშ-ს პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ბრალი უკვე წარედგინა. ამის შესახებ გამოცემა New York Times (NYT) წერს

დეპარტამენტის ცნობით, პაკისტანელი ბოლო 2 კვირის განმავლობაში ირანში იმყოფებოდა, რათა მკვლელობის დაკვეთის შემსრულებელი პირები დაექირავებინა. 

აშშ-ს ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის თქმით, პოტენციურ სამიზნეებს შორის, დიდი ალბათობით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპიც იყო.

46 წლის პაკისტანელი ასიფ რაზა მერჩანტი ნიუ-იორკში 12 ივლისს დააკავეს, ერთი დღით ადრე, ვიდრე 20 წლის მეთიუ კრუქსი ტრამპს პენსილვანიაში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ცეცხლსასროლი იარაღით ესროდა. 

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მტკიცებულება, რომელიც პენსილვანიაში მომხდარ თავდასხმასა და პაკისტანელის გეგმას შორის რაიმე კავშირს ადასტურებს, არ არსებობს. თუმცა მათ ასევე თქვეს, რომ მერჩანტის დაკავებამ მათ საშუალება მისცა ჩაეშალათ ის, რასაც ისინი მასშტაბურ შეთქმულებას უწოდებენ, რომელიც აშშ-ს ოფიციალური პირების კომპიუტერებიდან კონფიდენციალური ფაილების მოპარვასა და მუსლიმური ქვეყნების მიმართ "ამერიკული მოპყრობის საწინააღმდეგო" საპროტესტო აქციების მოწყობასაც ითვალისწინებდა. 

„ირანში დროის გატარების შემდეგ, მერჩანტი პაკისტანიდან აშშ-ში გაფრინდა, რათა თავისი გეგმის განსახორციელებლად მკვლელობის დაკვეთის შემსრულებელი პირები დაექირავებინა“ - ამბობენ იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

FBI-ის ერთ-ერთი აგენტის თქმით, პაკისტანელის მიერ გათვლილი "ვაჭრობისა და უსაფრთხოების ოპერატიული ზომები" ისეთი პირის ქმედებებთან იყო "შესაბამისი", რომელიც გეგმას "უცხოელი მოწინააღმდეგის დავალებით განახორციელებდა". 

FBI-ის აგენტმა მერჩანტის ქმედებები ირანელი აგენტების ჩაშლილ შეთქმულებასაც შეადარა, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ირანელი აგენტები, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) მაღალი რანგის წევრის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობას გეგმავდნენ

კომენტარები