აშშ-ს სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერად ჯონ ტუნი აირჩიეს. იგი ამ პოზიციაზე მიტჩ მაკკონელს ჩაანაცვლებს, რომელიც სენატში რესპუბლიკელთა ლიდერის პოსტს ბოლო 18 წლის განმავლობაში იკავებდა.
სამხრეთ დაკოტელი სენატორი რესპუბლიკურ პარტიას იანვრიდან უხელმძღვანელებს. იანვრიდან რესპუბლიკელი პრეზიდენტის პარალელურად, უმრავლესობაში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასა და სენატშიც რესპუბლიკელები იქნებიან.
როგორც გამოცემა POLITICO წერს, ტუნი აღნიშნული თანამდებობისთვის ახალგაზრდაა. მას გაწონასწორებულ ინსტიტუციონალისტად და გამოცდილ კანონმდებლად აფასებენ.
ტუნმა კენჭისყრაში მოუგო ტეხასის სენატორ ჯონ კორნინსა და ფლორიდის სენატორ რიკ სკოტს, რომელიც ტრამპის ახლო მოკავშირეა. სკოტს მხარს უჭერდნენ ისეთი გავლენიანი პირები, როგორებიცაა ილონ მასკი და კონსერვატორი ტელეწამყვანები - შონ ჰენითი და ტაკერ კარლსონი.
5 ნოემბრის არჩევნებით, აშშ-ს სენატში 53 მანდატით უმრავლესობა რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა.