აშშ-ირანი

აშშ-ში პირს ირანის დავალებით ტრამპის მკვლელობის დაგეგმვისთვის ბრალი წარუდგინეს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ერთ პირს ბრალი წარუდგინა ირანის დავალებით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნოდ მკვლელობის წარუმატებელი სქემაში მონაწილეობის გამო

ამავე ბრალდებულსა და სხვა ორ პირს აშშ-ს სხვა მოქალაქეზე, ირანული წარმოშობის ჟურნალისტსა და აქტივისტზე, მასიჰ ალინეჟადზე თვალთვალი და მისი მკვლელობის დაგეგმვა ედებათ ბრალად.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ირანელმა მაღალჩინოსნებმა თეირანში მცხოვრებ 51 წლის ავღანეთის მოქალაქეს, ფარჰად შაქერის სექტემბერში დაავალეს, რომ ტრამპისთვის ეთვალთვალა და მოეკლა.

იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შაქერი ახლა ირანში იმყოფება. თუმცა, სასამართლოს მისი და სამართალდამცავების ჩაწერილი საუბრები მოეპოვება.

გამომძიებლებთან საუბრისას შაქერიმ თქვა, რომ თუ ამ დროის განმავლობაში გეგმას ვერ მოიფიქრებდა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRCG) შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოიცდიდა, რამდენადაც ეგონათ, რომ ტრამპი წააგებდა.

FBI-ისთან ინტერვიუებში შაქერი ამბობს, რომ IRGC-ის უფროსი წევრი ირანულ ნავთობისა და საწვავის ბიზნესში მუშაობისას გაიცნო. მისივე თქმით, როცა მაღალჩინოსანმა გაიგო, რომ შაქერის აქამდე ნიუ იორკში უცხოვრია, აშშ-ში ინდივიდების "გამოძიება სთხოვა" და მას შემდეგ ამ პირს სხვადასხვა რესტორნებში შეხვედრია.

პროკურატურის თქმით, შაქერის თავდაპირველად IRGC-ისგან დავალება ჰქონდა, რომ აშშ-ს შიგნით აშშ-სა და ისრაელის სხვა მოქალაქეები მოეკლა. თუმცა, 7 ოქტომბერს IRGC-მ შაქერის მხოლოდ ტრამპზე კონცენტრაცია დაავალა და უთხრა, რომ მკვლელობის გეგმის მოსაფიქრებლად 7 დღე ჰქონდა.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, შაქერი ნიუ იორკის ციხეში გაცნობილ "კრიმინალი პარტნიორების ქსელს" ეყრდნობოდა, რომელსაც ფულის სანაცვლოდ თვალთვალისთვისა და მკვლელობის გეგმების შესრულებისთვის იყენებდა.

დანარჩენ ორი ბრალდებულს, კარლაილ რივიერასა და ჯონათან ლოუდჰოლტს შაქერის დავალებით ჟურნალისტისა აქტივისტის, მასიჰ ალინეჟადის მკვლელობის გეგმაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. ისინი აშშ-ს მოქალაქეები არიან და სამართალდამცავებმა ნიუ იორკში უკვე დააკავეს.

პროკურატურის თქმით, IRGC-ის მაღალჩინოსნებმა შაქერის ასევე სთხოვეს, რომ შრი-ლანკაში ისრაელელი ტურისტების წინააღმდეგ მასობრივი სროლის დაგეგმვაში დახმარებოდათ. შაქერის თქმით, მას ასევე დავალებული ჰქონდა, რომ ნიუ იორკში ორი ებრაელი ბიზნესმენი მოეკლა.

მანამდე, აშშ-ში პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პაკისტანის მოქალაქე, ასიფ რაზა მერჩანტი, დააკავეს, რომლის პოტენციურ სამიზნეებს შორის, აშშ-ს ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის თქმით, დიდი ალბათობით, ტრამპიც იყო.

სამართალდამცავების თქმით, მერჩანტი მოატყუეს და თავი დაქირავებულ მკვლელებად მოაჩვენეს, რომლებიც გეგმას შეასრულებდნენ. მერჩანტი ივნისში ნიუ იორკს ეწვია და საიდუმლო აგენტებს, რომლებიც დაქირავებული მკვლელები ეგონა, წინასწარ 5 000 დოლარიც გადაუხადა.

ამ შემთხვევის შესახებ აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა თქვა, რომ, სავარაუდოდ, ეს შემთხვევა ბოლო არ იქნება.

"მოველით, რომ ეს საფრთხეები გაგრძელდება და ეს საქმე ბოლო არ იქნება. [...] იუსტიციის დეპარტამენტი არ დაიშურებს რესურსს, რომ შეაფერხოს და პასუხი აგებინოს მათ, ვინც ირანის მომაკვდინებელ სქემებს ამერიკელების წინააღმდეგ განახორციელებდა". - თქვა გარლანდმა.

მანამდე,  2020 წელს ირანელი აგენტები, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) მაღალი რანგის წევრის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობას გეგმავდნენ

კომენტარები