არჩევნები 2024

სააპელაციომ ხმის ფარულობის დარღვევაზე არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის ფარულობის დარღვევაზე არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა. 

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის 24 საათიანი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტის გამო, ბათილად ეცნო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური უბანი.

ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება" - წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში

სააპელაციო სასამართლოში განხილვა გუშინ, 6 ნოემბრის შუადღეს დაიწყო. 

საია-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ მოცულობის საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას იწვევს. ამ მოტივით, იურისტებმა დააყენეს შუამდგომლობა, საქმეები გამიჯნულიყო. 

"დიმიტრი გვრიტიშვილმა გვიპასუხა, რომ რადგან სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა, არ იქნებოდა სწორი, ერთგვაროვან მოთხოვნებზე სხვადასხვა მოსამართლეს მიეღო გადაწყვეტილება, რადგან პრაქტიკა სხვადასხვაგვარი ვერ იქნებაო. ამით ფაქტიურად აღიარა, რომ სხვადასხვა მოსამართლესთან ამ საქმეების განხილვისას ალბათობა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილებები მიგვეღო, არსებობდა" - წერს ნონა ქურდოვანიძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ცესკოს იურისტებმა თეთრიწყაროში საიას მიერ მოგებული საქმის გაბათილების მიზნით დააყენეს საკითხი, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა არ იყო უფლებამოსილი, განეხილა ეს საქმე, "რადგან მისი ცოლი Facebook-ზე კრიტიკულ პოსტებს წერს". საია-ს თავმჯდომარის თქმით, ამ შუამდგომლობის დაყენება ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტს დასჭირდა იმისთვის, რომ  სააპელაციო სასამართლოსთვის მიეცა სამართლებრივი ბერკეტი, ეთქვა, რომ რადგან მხარე მოსამართლის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც ხელახლა უნდა ჩატარდეს.

"სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა და ჩაატარებინა ცესკოს დახელოვნებულ სპეციალისტებს, ანუ იმ ხალხს, ვინც სხვას ასწავლის ბიულეტენების აპარატში მოთავსებას. გარდა ამისა, მან ბიულეტენები მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.

ამის შემდგომ, ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენები და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს" - ამბობს ქურდოვანიძე.

ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასავლეთ საქართველოში ხმის ფარულობის პრონციპი არ დარღვეულა.

"რა თქმა უნდა, სისტემა არ დაუშვებს, რომ განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოების დონეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაც გამოცხადებულია. თუმცა, ფორმალურად პროცესი გრძელდება და მივყვებით ეტაპებს" - აღნიშნავს საია-ს თავმჯდომარე.

სადამკვირვებლო კოალიციამ ჩემი ხმა 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ს შეადგენს.

კომენტარები