არჩევნები 2024

განხილვისას მოსამართლემ ექსპერიმენტი ჩაატარა, შავი წერტილი მაინც გამოჩნდა - გიგაური

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით დღეს, 6 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე გამართული მოსმენისას, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა ექსპერიმენტი ჩაატარა იმის დასადგენად, გაჟონავდა თუ არა ფლომასტერი საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს.

TI-ს აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ გვრიტიშვილის ექსპერიმენტისას, ფლომასტერის კვალი ბიულეტენის უკანა მხარეს გამოჩნდა, თუმა ეკა გიგაურის შეფასებით, დიმიტრი გვრიტიშვილს ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. 

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი და დაადგინოს, იყო თუ არა არჩევნების დროს ხმის მიცემა ფარული და გაჟონა თუ არა ბიულეტენმა.

ჩვენი იურისტები ექსპერიმენტს არ მიაკარეს, ცესკოს როგორც სურდა ექსპერიმენტი ისე ჩაატარეს.

მასში ცესკოს ორი თანამშრომელი მონაწილეობდა.

ცესკოს თანამშრომელი ფრთხილად ცდილობს ქაღალდის შეცურებას, რამდენჯერმე ლამის კონვერტიც გააყოლა ისე მიაბჯინა ის კონვერტი აპარატს, რომ არაფერი გამოჩენილიყო. შემდეგ იურისტებმა მოითხოვეს მოსამართლეს თავად შეეცურებინა კონვერტი. მოსამართლე მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი.

მოკლედ, ამაბავი ისაა, რომ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდათ, ის საბედისწერო შავი წერტილი მაინც გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა, აბა გამოიცანით რა დაინახა მოსამართლე გვრიტიშვილმა? სავარუდოდ არაფერი.

ვიდეო არ გადაგვაღებინეს". - წერს გიგაური სოციალურ ქსელში.

კომენტარები