ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა.
"ჩვენ საოლქო საარჩევნო კომისიებში არაერთი საჩივარი წარვადგინეთ, რომლითაც ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა, სულ 2 263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ვითხოვთ. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების გაბათილება არჩევნების შედეგებზე არსებით გავლენას ახდენს. საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას არღვევს [...]
თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ქართულმა ოცნებამ კამერები დააყენა, რომლებიც ძირითადად იმ ყუთს უყურებდა, სადაც ბიულეტენები თავსდებოდა. ბიულეტენების სისქე კი იმის შესაძლებლობას არ იძლეოდა, რომ უკანა მხარეს შესაბამისი კვალი არ დაეტოვებინა. ეს ფარულობას მასშტაბურად არღვევდა". - თქვა ქურდოვანიძემ.
საიამ პროკურატურას მოთხოვნით მიმართა, რომ ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს და ეს საქმე შეისწავლოს.