ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელსა და აშშ-ს, ირანზე იერიშისთვის, "დამანგრეველი საპასუხო რეაქციით" დაემუქრა.
ისრაელის მიერ 26 ოქტომბერს ირანის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შემდეგ, ხამენეიმ და ირანელმა მაღალჩინოსნებმა ისრაელის წინააღმდეგ მუქარები გააძლიერეს.
"მტრები, ეს იქნება სიონისტური რეჟიმი თუ აშშ, აუცილებლად მიიღებენ დამანგრეველ საპასუხო რეაქციას იმისთვის, რასაც ისინი ირანს, ირანელ ერსა და წინააღმდეგობის ფრონტს უკეთებენ". - ამბობს ხამენეი ირანული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
ხამენეის დაანონსებული შეტევის თარიღი ან მასშტაბი არ დაუკონკრეტებია.
გუშინ, 1-ელ ნოემბერს გამოცემა Axios ისრაელელ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ირანი ერაყის ტერიტორიიდან ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადება.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-თან განაცხადა, რომ ირანს მზადებიდან თავდასხმაზე გადასვლა მალე შეუძლია, თუმცა, აშშ-სთვის ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა ირანმა საბოლოო გადაწყვეტილება ამის თაობაზე.
ცნობისთვის, 26 ოქტომბრის დილის საათებში ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. მალევე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, ეს იერიში პასუხი იყო "ბოლო თვეებში ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მხრიდან უწყვეტ თავდასხმებზე".
- ისრაელმა ირანის წინააღმდეგ საპასუხო იერიში მიიტანა; აფეთქებები მოხდა თეირანში
-
IDF: ისრაელის თავდაცვის ძალებს ირანში სამხედრო სამიზნეებზე ზუსტი იერიშები მიაქვს
1-ელ ოქტომბერს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული და ლოკალური სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომლის სამიზნეც ტერორისტული ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა იყო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისრაელის მხრიდან წინ უძღოდა ლიბანში საჰაერო იერიშების კამპანია, რომლის ფარგლებშიც ისრაელის არმიას ჰეზბოლას სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე მიჰქონდა იერიში.
მანამდე, სექტემბერში, ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშებისა და თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც ჰეზბოლასთან მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა. ხოლო 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთში ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, ჰასან ნასრალა დაიღუპა.