არჩევნები 2024

ბოკუჩავა: აპარატებთან დამონტაჟებული კამერა მარკერის გამოჟონილ კვალს აფიქსირებდა

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა და რამდენიმე მაგალითი დაასახელა, რაც, მისი თქმით, არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენეს.

"ხმის მიცემის აპარატების აბსოლუტურ უმრავლესობასთან კამერა იყო დამონტაჟებული, რომელიც ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის გამოჟონილ ხილვად კვალს ძალიან მარტივად აფიქსირებდა. ასევე, ხმის მიცემის აპარატთან იდგა ქართული ოცნების კომისიის წევრი, რომელიც ვიდეოთვალთვალთან ერთად, ამომრჩევლის არჩევანს მანუალურად აკონტროლებდა და აფიქსირებდა. 

სხვა საარჩევნო მანიპულაციებით, რუსული სპეცოპერაციით, ივანიშვილმა ყველაზე მეტი ხმა ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას მოპარა [...] თუმცა, დღეს მთავარი განხილვის თემა ის არ არის, რომელ პარტიას რამდენი ხმა მოპარეს. მაშინ, როცა მთლიანად არჩევნები და არჩევნების უფლება მოგვპარეს". - თქვა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავა ხმის ფარულობასა და ბიულეტენთან დაკავშირებით, ცესკოსა და მისი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

"გუშინ რუსული სპეცოპერაციის მთავარმა თანამონაწილემ, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა აღიარა, რომ არჩევნებზე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის პრინციპი დარღვეული იყო [...] ბატონო გიორგი, საარჩევნო ბიულეტენი რამდენი გრამიც არ უნდა ყოფილიყო, უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო". - ამბობს ბოკუჩავა.

გუშინ, 30 ოქტომბერს, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, რომ შესაძლოა, ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა, თუმცა იგი ასევე ამბობს, რომ ამით ხმის ფარულობა "არცერთ შემთხვევაში" არ დარღვეულა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია კი ამტკიცებს, რომ ბიულეტენისთვის განკუთვნილი ქაღალდი იყო უფრო სქელი, ვიდრე ვენდორი კომპანია სმარტმატიკის მიერ რეკომენდირებული ზომა.

კომენტარები