არჩევნები 2024

კალანდარიშვილის თქმით, შესაძლოა მარკერის კვალი ქაღალდზე ჩანდა, თუმცა ფარულობა არ დარღვეულა

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, შესაძლოა ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერი კვალი ჩანდა, თუმცა იგი ამბობს, რომ ამით ხმის ფარულობა "არცერთ შემთხვევაში" არ დარღვეულა.

"კაბინიდან როდესაც გამოვიდა ამომრჩეველი და ამ დროს ჩვენ შეთავაზებული გვქონდა ამომრჩევლისთვის სპეციალური ჩარჩო ფორმა, რომელშიც თავსდებოდა ამობრუნებული სახით ბიულეტენი და ზუსტად ეს ამობრუნებული სახით მოთავსებაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით უზრუნველვყავით, რომ კიდევ დამატებით ინსტიტუციას მოეფიქრებინა და გადაწყვეტა ჰქონოდა ფარულობის მაქსიმალურ გადაზღვევასთან მიმართებაში და არა სახით, არამედ გადმობრუნებული ბიულეტენი თავსდებოდა სპეციალურ ჩარჩო ფორმაში, რომელშიც მისი სრულყოფილად მოთავსებისა და შემდეგ აპარატში მისი მოთავსების შემთხვევაში ვერ მოხდებოდა თუნდაც, უკანა მხარეზე გამოჟონილი მარკერის ფერის იდენტიფიცირება.

თუმცა, სულ რომ ის, რაც წუხილად არის წარმოჩენილი, რომ თითქოს ეს ჩანდა და არავინ არ უარყოფს, რომ შესაძლოა ეს ჩანდა, არაერთი კადრი გვინახავს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კენჭისყრის დღეს კომისიებმაც ეს ყველაფერი ნახეს, თუ ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის." - განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

წამყვანმა კალანდარიშვილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ წერილზე ჰკითხა, სადაც ჩანს, რომ ორგანიზაციას 17 სექტემბერს ცესკოსთვის მიმართული აქვს ბიულეტენის ქაღალდის არასაკმარისი სისქის შესახებ, რაზეც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 სექტემბერს უპასუხა, რომ ის სატესტო ვერსია იყო.

"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც სატესტო, იმიტირებულ პროცესში იყო გამოყენებული, ის იყო დაბალი გრამაჟის და ეს ბიულეტენი ყველაზე მაღალი, თუკი როდისმე ჩვენ ეს გამოგვიყენებია არჩევნების პირობებში, ვსაუბრობ წინა არჩევნებზე, როდესაც 8 პილოტი ჩატარდა, ეს არის კომპანიის რეკომენდაციის შესაბამისად.

შესაძლოა პილოტების დროს იყო ასეთი შემთხვევები, მაშინაც, დღესაც, მომავალში, მაგრამ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ ან განსაკუთრებით მძიმე მოთავსებით და მარკერით მონიშვნის შემთხვევები, ან სხვაგვარი, ან მარკერის ახალი გამოყენების პირობებში შესაძლოა ის იმდენად სველი ყოფილიყო... ამას ძალიან ბევრი ახსნა შეიძლება ჰქონდეს." - ამბობს იგი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მარკერის ფერი ბიულეტენის უკანა მხარეს შესამჩნევი იყო, ვერ მოხდებოდა იდენტიფიცირება, რომელი პარტია გააფერადა ამომრჩეველმა.

"რასაც ამბობენ, იმას არავინ უარყოფს, რომ ასეთ შემთხვევებს შეიძლება ადგილი ჰქონოდაო, ჩვენ ვნახეთ ყველამ პრაქტიკაში. მთავარი არის რა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რომ სწორად მოთავსებულიყო ჩარჩო ფორმით ბიულეტენი და ვერ მოხდებოდა თუნდაც ამ მეორე მხარეს გამოსული ფერის შემჩნევა. მაგრამ მეორე არის რა და დღეს ეს მანიპულაციურად შეიძლება ითქვას ხორციელდება იმის დემონსტრაცია, რომ თითქოს ამით ფარულობა დაირღვა, ან თითქოს ეს იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ვინმეზე რამე ზემოქმედება მომხდარიყო, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო ყუთის ზედამხედველი პირების უმეტესობა პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები იყვნენ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელსაც ჭირდება კომპლექსური შეფასება. არავის დღეს არ უთქვამს ის, რომ სადღაც მეორე მხარეს რომ ვიღაცამ დაინახა ეს გაფერადების გამოსვლა, რომ კონკრეტულად რომელ საარჩევნო სუბიექტზე იყო მიცემული ხმა. გვესმის ის, რომ თითქოს ეს შესაძლოა თუ ქვემოთ იქნებოდა მმართველი პარტია, თუ ზემოთ... იქნებ ბოლოსწინა იყო, გირჩი იყო, იქნებ იმის წინა იყო, ქართული ერთობა, იქნებ კიდევ იმის წინა იყო, ან ვინ გაზომა, ან როგორ გაზომა, მითუმეტეს ჩარჩოს გამოყენების პირობებში. იქნებ საერთოდ მეორე მხრით იყო საერთოდ ბიულეტენი მოთავსებული და მან რა იცის საერთოდ რა მხრით იყო მოთავსებული ჩარჩო ფორმაში. 

კონსტიტუციური პრინციპი რა არის - ხმის ფარულობა და ხმის ფარულობა უკან რომ სადღაც ფერმა გამოიტანა და გამოკვეთა, ეს როგორ ნიშნავს ხმის ფარულობის [დარღვევას], მაშინ როდესაც იქ იდენტიფიცირებული არ არის X, Z, თუ რომელ სუბიექტს მიეცა ხმა. თუ ჩარჩო ფორმის პირდაპირ ჭრილთან ახლოს მოთავსება განხორციელდებოდა, ისიც კი, ეს გამოსული უკანა მხარეს, ესეც კი იდენტიფიცირებადი არ იყო, ან მერე ვინ გაზომა საერთოდ, ან ფარულობა როგორ დაირღვა, არავის უთქვამს, რომ ვისი ხმა ვის მიეცა, ხომ, კი ბატონო ეს ჩანდა, მაგრამ ვინ რა გაიგო, იქ როდესაც ბიულეტენის სკანერი ახორციელებდა მის მიღებას და წაკითხვას, ვინ რა დაინახა, ვინ რა დაადგინა, ან ამით ვინმეზე რაიმე ზემოქმედება ან რაიმე კონტროლი როგორ მოახდინა, მითუმეტეს უკვე ნება გამოხატული იყო." - ამბობს კალანდარიშვილი.

კომენტარები