საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, მათ შორის, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფით.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დარღვევები დააფიქსირეს როგორც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ასევე არჩევნების დღეს. ამასთან ერთად, მათ არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ.
მე ვითხოვ გამჭვირვალე გამოძიებას. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რომელიც გავლენას ახდენს პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ამ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.
საქართველომ, როგოც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, დაწყებული საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით. არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი.
მე ვთხოვე პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტს დღეს შეიკრიბოს საქართველოში არსებული მძიმე ვითარების გადაუდებელი განხილვისათვის. მე ასევე შევიტანე ეს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს ნოემბრის დღის წესრიგში.
ქართველი ხალხი უკვე თვეებია ავლენს თავის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროკავშირის გზაზე თავისი ქვეყნის პროგრესისადმი. ისინი იმსახურებენ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას, რათა დარწმუნდნენ მომავალი ხელისუფლების ლეგიტიმურობაში. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაგირება მშვიდობიანი დარჩეს. საჭიროა, შეცვალოს ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც ქმნიან პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას.
ნათქვამია განცხადებაში.





