ირანი

ირანმა გერმანიის მოქალაქე 4 წლიანი ტყვეობის შემდეგ სიკვდილით დასაჯა

NZZ

ირანის ხელისუფლებამ 28 ოქტომბერს ირანული წარმოშობის გერმანიის მოქალაქე, 69 წლის ჯამშიდ შარმაჰდი ტერორიზმის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა.

ჯამშიდ შარმაჰდი იყო ირანული წარმოშობის გერმანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, ამავდროულად აშშ-ის რეზიდენტი. ირანის ცნობით, ის ხელმძღვანელობდა "ტერორისტულ" დაჯგუფებას ტონდარს და "ამერიკიდან ირანში შეიარაღებულ და ტერორისტულ აქტებს მართავდა".

გერმანიის პრემიერმინისტრის, ოლაფ შოლცის ცნობით, დაკავებულს სასამართლო პროცესზე თავის დაცვის საშუალება არ მიეცა. გერმანიის მთავრობის მეთაურმა ჯამშიდ შარმაჰდის სიკვდილით დასჯა "მკაცრად დაგმო" და მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანელმა დიპლომატებმა არაერთხელ გააფრთხილეს თეირანი, რომ შარმაჰდის სიკვდილით დასჯას" სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა".

ირანის ხელისუფლებამ შარმაჰდის დაკავების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში გაავრცელა. მას ბრალად ედებოდა 2008 წლის 12 აპრილს შირაზის მეჩეთის აფეთქებაში მონაწილეობა. აფეთქების შედეგად დაშავდა 200-მდე და დაიღუპა 14 ადამიანი.

ირანის მტკიცებით, ტონდარის დაჯგუფება კიდევ რამდენიმე ტერორისტულ ოპერაციას გეგმავდა, თუმცა უშედეგოდ. დაგეგმილ "მასშტაბურ ოპერაციებს" შორის იყო ქალაქ რაშტში რუსეთის გენერალურ საკონსულოზე თავდასხმაც.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ირანის წარმომადგენლებმა შარმაჰდი დუბაიში გაიტაცეს. ირანის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია რა ვითარებაში დააკავეს შარმაჰდი. ირანის უზენაესმა სასამართლომ შარმაჰდს სიკვდილით დასჯა 2023 წელს მიუსაჯა. 

შარმაჰდის სიკვდილით დასჯა დაგმო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმაც :

"ევროკავშირი მტკიცედ ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. ეს არღვევს სიცოცხლის უფლებას და ძირეულად უარყოფს ადამიანის ღირსებას".- თქვა ბორელმა.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა შარმაჰდის სიკვდილით დასჯას "მძიმე დანაშაული" უწოდა და გერმანიის მთავრობას გერმანიაში ირანის ელჩის გაძევებისკენ მოუწოდა.

კომენტარები