ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა დაასახელა, რომელიც ახალ, საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ჩატარებას გულისხმობს.
ამასთან, ვაშაძის თქმით, ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და სიის ჩახსნას გეგმავენ.
"როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად, ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური. არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არა თუ შესვლას, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიებს. ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ, გავიმარჯვებთ, აუცილებლად, ერთად.
ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა – ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ და არა ამ გაყალბებულმა საარჩევნო ადმინისტრაციამ.
ამასთან, არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას. არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას. ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია და არა ქართული ოცნების და სუს-ის მიერ მართული საარჩევნო კომისიები". - თქვა ვაშაძემ.





