არჩევნები 2024

გახარია: ივანიშვილმა ამომრჩევლის ნებაზე იძალადა, შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას

გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა. 

"დღეს ამ წუთებში ჩვენ ვიბრძვით ყველგან მოქალაქეების ნების დასაცავად. ვიბრძვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიბრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივად, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება იყოს დადასტურებული ობიექტურად. ფაქტია, დადასტურებულად შეიძლება ითქვას - ეს არ არის მხოლოდ აღქმები, ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და ის არჩევნები, ის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას". - თქვა გახარიამ. 

გახარიამ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლა, მათი დაშინება, მოსყიდვა და მათი პირადობის მოწმობებით მანიპულირება სისტემურად და განგრძობითად ხდებოდა. მისივე თქმით, ამაზე პარტია საქართველოსთვის არჩევნებამდე საუბრობდა. 

"ეს არ მომხდარა სამწუხაროდ გუშინ და ეს არ მოხდა სამწუხაროდ ერთ დღეს და ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობდით. ვსაუბრობდით ფაქტებზე, ვსაუბრობდით ფაქტებით, კონკრეტული მტკიცებულებებით, რომელიც გადავეცით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიებს, ლოკალურ საერთაშორისო მისიებს და ასევე იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა, ამ დარღვევების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში განგრძობითი იყო და არ იყო გუშინდელ დღესთან მხოლოდ დაკავშირებული, სასამართლოს მიმართულებითაც ვმუშაობთ

მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის, ხაზგასმით ვამბობ, სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, ამომრჩევლების მოსყიდვას, ამომრჩევლების პირადობის მოწმობებით, ID ბარათებით მანიპულირებას. სისტემური ხასიათი ჰქონდა საჯარო მოხელეებზე და, მათ შორის, სოციალურ დაუცველებზე ზეწოლას, მათ დაშინებას, მათი პირადობის მოწმობებით მანიპულირებას იმისთვის, რომ მომხდარიყო არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა". - თქვა გახარიამ.

გახარიამ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლა უშუალოდ მის პარტიაზეც იყო და მას და მის გუნდს ბიძინა ივანიშვილი პირადად დაემუქრა, რასაც კონკრეტული შედეგები მოჰყვა, რომლებიც არჩევნებზე აისახა. 

"ამ ყველაფრის შემდეგ ფაქტია და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს გუნდზე და ჩვენს პარტიაზე განხორციელდა ბოლო თვეების განმავლობაში უპრეცედენტო ზეწოლა. პერსონალურად ივანიშვილი მე და ჩემს გუნდს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ემუქრებოდა გასამართლებით. რა თქმა უნდა, ამას თავისი კონკრეტული შედეგები მოჰყვა, რომლებიც აისახა არჩევნებზე". - თქვა გახარიამ. 

კომენტარები