არჩევნები 2024

"ჩემი ხმა" 11:00-15:00 საათებში საარჩევნო უბნებზე არსებული ვითარების შეფასებას ავრცელებს

ლონდა თოლორაია

ორგანიზაცია ჩემი ხმის მონაცემებით, დილის 11:00-15:00 საათისთვის დამკვირვებლების მიერ 1227 უბნიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საარჩევნო დარღვევებს ავრცელებს.

ორგანიზაციის მიხედვით, მარკირების გაკეთების წესი დაირღვა/მარკირების გარეშე ხმის მიცემა დაფიქსირდა 70 უბანზე; ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა 47 უბანზე, ხოლო 139 უბანზე არაუფლებამოსილი პირები იმყოფებიან. 

ასევე, 38 უბანზე დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის შემთხვევები. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონული ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე, ხოლო 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლისთვის, რის გამოც, კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. 

ჩემი ხმის მონაცემებით, 11 უბანზე გამოვლინდა ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით ამომრჩევლის ვერიფიკაციის დარღვევები და დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი 61 უბანზე შეეშალათ.

"შიდა ქართლში კერძოდ, ქარელში, კასპში, გორში, ასევე, ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულსა და ბოლნისში, დიდი რაოდენობით, ასევე, თბილისში იდენტიფიცირებული იქნა მარკირების გავლის/შემოწმების პროცედურის ჩაუტარებლობა, ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაში ხელშეშლა, მარკირების სითხის/აპარატის გაუმართაობა.

შიდა ქართლში და ქვემო ქართლში არსებული საარჩევნო დარღვევების სიმძიმე და რაოდენობა, რომელიც მოიცავდა მარკირების გავლის/შემოწმების პროცედურის ჩაუტარებლობას, ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვების ხელშეშლას, მარკირების სითხის/აპარატის გაუმართაობასა და დამკვირვებლების მიმართ ძალადობასა და უბნებიდან გაძევებას, ერთობლიობაში ქმნის ამ რეგიონებში სისტემური საარჩევნო მანიპულაციების დასაბუთებულ ეჭვს. ამავე რეგიონებში პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები.

კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება საეჭვო ამომრჩევლის იდენტიფიკაციის მიზნით ვერიფიკაციის აპარატებზე დაკვირვებისთვის ხელის შეშლა ჩვენი დამკვირვებლებისთვის, განსაკუთრებით შიდა ქართლში.

უბნების გარეთ ფიქსირდება ამომრჩევლების გამოცხადების აღრიცხვა, მათი პერსონალური მონაცემების გამოყენებით მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” კოორდინატორების მიერ, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლს და არის უკანონო.

გამოვლენილია კომისიის წევრების მხრიდან ამომრჩევლისთის “ქართული ოცნების” საარგებლოდ ხმის მიცემის მინიშნების შემთხვევები.

ამ დროისთვის, ამომრჩევლის აქტივობაწინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მაღალია. ფიქსირდება რიგები თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალია  საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

ამ დროისთვის შეწყვეტილია მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრა კოალიციის დამკვირვებლის მიერ დაფიქსირებული ბიულეტენების ჩაყრის ფაქტის გამო. საარჩევნო უბნის აპარატურის დაზიანების მიუხედავად, გრძელდება საარჩევნო პროცესი ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე.

ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია: 184 საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში, 27 საოლქო საარჩევნო კომისიაში და დაფიქსირებულია 133 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში" – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ჩემი ხმის დამკვირვებლების მხრიდან ასევე გამოვლინდა:

  • ფიზიკური ძალადობა, ზეწოლა და მუქარა.
  • გამოვლინდა დამკვირვებლის/წარმომადგენლის/მედიის უფლებების შეზღუდვა,
  • კენჭისყრის ფარულობის დარღვევა,
  • მარკირების შეუმოწმებლობა და მარკირების გარეშე ხმის მიცემა,
  • ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის დარღვევები,
  • წინასწარ გაფერადებული ბიულეტენის გადაცემა,
  • აგიტაცია კომისიის წევრების მხრიდან,
  • ხარვეზები ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობაში,
  • საარჩევნო მასალების დაზიანება/გატაცება,
  • არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე,
  • ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემა.

ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს უცხოეთში საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ინფორმაციას:

"ევროპის მასშტაბით საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე მაღალი აქტივობა და ამომრჩეველთა რიგები ფიქსირდება. მაღალ აქტივობას სათანადოდ ვერ პასუხობს კენჭისყრის შენობების მოწყობა. კომისიები სათანადოდ ვერ უმკლავდებიან ამომრჩეველთა ნაკადებს. მსგავსი სურათია პარიზში, ბერლინში, პრაღაში, ბრიუსელში, მადრიდში, მაინის ფრანკფურტში, ლონდონში, შტუტგარტში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მადრიდში, სადაც შენობის განლაგება რიგებს კიდევ უფრო აბრკოლებს. მოქალაქეებს 2 საათიან რიგში უწევთ დგომა.

მილანში გაფუჭდა მარკირების შესამოწმებელი ფანარი. ასევე, უბანზე მისული ამომრჩეველი, რომელიც ფიქსირდება ცესკოს საიტზე არსებულ სიაში, არ აღმოჩნდა სამაგიდე სიაში და ვერ შეძლო ხმის მიცემა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ბერლინშიც.

რიგ შემთხვევებში, მაგალითად ათენში, საარჩევნო უბნებზე არ არის საკმარისი სივრცე, რაც იწვევს ქაოსს, დაძაბულობას და დამკვირვებლებს ეზღუდებათ დაკვირვების განხორციელების შესაძლებლობა.

ამ დროისთვის დამკვირვებლებმა ორი საჩივარი დაწერეს  პრაღის 25-ე და ათენის 38-ე უბნებზე. 3 შენიშნვა დაფიქსირდა ჩანწერთა წიგნებში მილანსა და ფრანკფურტში" – წერია განცხადებაში.

 

 

კომენტარები