ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს არ ეძლევა საშუალება, მოინახულოს ჩეხი ჟურნალისტი, რომელიც 22 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს.
თუთბერიძე რამდენიმე საათია ცდილობს ჟურნალისტის მონახულებას და მის შესახებ ინფორმაციის მიღებას.
ჩეხი ჟურნალისტი, რეი ბეისლი საქართველოში არ შემოუშვეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბეისლი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
ბეისლის თქმით, მას გაურკვეველი მიზეზების გამო, უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე.
"22 ოქტომბერს, 19:30 საათზე, გაურკვეველი მიზეზების გამო უარი მითხრეს საქართველოში შემოსვლაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე - ეს მიუღებელია, ადგილობრივმა სასაზღვრო ძალებმაც არ იციან, თუ რატომ არ მიშვებენ ქვეყანაში". - წერს ჟურნალისტი X-ზე.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ ჩეხი ჟურნალისტისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმა უფლებამოსილების გადამეტებაა.
ადვოკატი ასევე განმატავს, რომ რეი ბეისლი ამ დროისთვის იმყოფება საქართველოს აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში, სადაც მას ჩამორთმეული აქვს პირადი ნივთები და არ ეძლევა ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალება.





