ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, გამოცემა Al Jazeera-ს 6 ჟურნალისტი ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის წევრები არიან.
IDF-ის თქმით, ისრაელის დაზვერვამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ, რომ გამოცემის 6 ჟურნალისტს აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან "სამხედრო აფილიაცია" აქვთ.
მოპოვებულ დოკუმენტებს შორისაა დაჯგუფებების წევრთა სიები, ტერორისტთა მოსამზადებელი სწავლებები, ტელეფონის ნომრების წიგნაკები და ტერორისტებისთვის გაცემული ფულადი ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტები.
"ეს დოკუმენტები კატარული Al Jazeera-ს მედიაში ჰამასის ტერორისტების ინტეგრაციის მტკიცებულებაა. ჟურნალისტთა უმეტესობა, რომელთა იდენტიფიკაციაც, როგორც ჰამასის სამხედრო ფრთის პერსონალი, IDF-მა შეძლო, Al Jazeera-ში ჰამასის პროპაგანდის გავრცელებას უძღვება, განსაკუთრებით ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში", - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც გამოცემა Jerusalem Post-ი წერს, იდენტიფიცირებულ ჟურნალისტთაგან ერთ-ერთი - ისმაილ აბუ ამრი რამდენიმე თვის წინ ღაზაში, IDF-ის იერიშის შედეგად დაშავდა, თუმცა მაშინ Al Jazeera-მ აბუ ამრის ჰამასთან კავშირი უარყო.
"IDF-ის მოპოვებულმა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ ეს არასწორი იყო", - წერს Jerusalem Post-ი.