აშშ-ს სენატში დარეგისტრირებულ ორპარტიული კანონპროექტს "ქართველი ხალხის აქტს" მხარდამჭერები დაემატნენ.
სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს კიდევ 10-მა სენატორმა გამოუცხადა მხარდაჭერა. კერძოდ, ტომ ტილისმა, მიტ რომნიმ, ჯეფ მერკლიმ, ჯონ კორნინმა, კრის მერფიმ, დენ სალივანმა, ანგუს კინგმა, ტოდ იანგმა, შელდონ უაითჰაუსმა და ჯორჯ ჰელმიმ.
"მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგები სენატში იაზრებენ საქართველოში არსებული სიტუაციის გადაუდებლობას და დათანხმდნენ, რომ გახდნენ აშშ-ს სენატში რეგისტრირებული კანონის – ქართველი ხალხის აქტის თანამონაწილეები. ჩვენ ვგზავნით მკაფიო სიგნალს იმაზე, რომ არსებობს ჩვენი კანონმდებლობის ორპარტიული მხარდაჭერა და საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიციის მხარდაჭერა, ასევე ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა რჩება უცვლელი იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტია აკონტროლებს ვაშინგტონს". - თქვა შაჰინმა.
ქართველი ხალხის აქტის შესახებ აშშ-ს სენატში მოსმენა, სავარაუდოდ, ნოემბერში გაიმართება.
2024 წლის მაისში სენატორებმა, ჯიმ რიშმა, ჯინ შაჰინმა, ბენ კარდინმა, პიტ რიკეტსმა, კრის ქუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - ქართველი ხალხის აქტი - რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლების, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, კორუფციასა და უცხოელ აგენტთა კანონის დაწინაურებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
როგორც შაჰინისა და რიშის კანონპროექტშია ნათქვამი, მისი მიღების შემთხვევაში სანქციები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დაბლოკეს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სანქციები დაუწესდეს მათ, ვინც მხარს უჭერდა რუსული კანონის დაწინაურებასა და მის მიღებას, ასევე ამ ადამიანების ოჯახის წევრებს. ასევე, სანქციების სამიზნე გახდებიან პირები, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს ქვეყნის სუვერენიტეტს და დაარღვიეს ადამიანთა უფლებები.