13 ნოემბერს აშშ-ს სენატში დარეგისტრირებულ ორპარტიულ კანონპროექტს, "ქართველი ხალხის აქტს" კიდევ 10 მხარდამჭერი დაემატა.
სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს კიდევ 10-მა სენატორმა გამოუცხადა მხარდაჭერა, კერძოდ, სენატორებმა ჯონ ბუზმანმა, მიტ რომნიმ, ჯეფ მერკლიმ, ჯონ კორნინიმ, კრისტოფერ მერფიმ, დენ სალივანმა, ანგუს კინგ ჯუნიორმა, ტოდ იანგმა, შელდონ უაითჰაუსმა და ჯორჯ ჰელმიმ.
ამჟამად, კანონპროექტს ჯამში 19 მხარდამჭერი ჰყავს, აქედან 9 რესპუბლიკელი, 9 დემოკრატი, 1 კი დამოუკიდებელი წევრია.
2024 წლის მაისში სენატორებმა, ჯიმ რიშმა, ჯინ შაჰინმა, ბენ კარდინმა, პიტ რიკეტსმა, კრის ქუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - ქართველი ხალხის აქტი - რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლების, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, კორუფციასა და უცხოელ აგენტთა კანონის დაწინაურებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
როგორც შაჰინისა და რიშის კანონპროექტშია ნათქვამი, მისი მიღების შემთხვევაში სანქციები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დაბლოკეს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სანქციები დაუწესდეს მათ, ვინც მხარს უჭერდა რუსული კანონის დაწინაურებასა და მის მიღებას, ასევე ამ ადამიანების ოჯახის წევრებს. ასევე, სანქციების სამიზნე გახდებიან პირები, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს ქვეყნის სუვერენიტეტს და დაარღვიეს ადამიანთა უფლებები.