ევროკავშირი-საქართველო

ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარს ვუჭერთ, მთავრობა მას საფრთხეს უქმნის – ევროპული საბჭო

ევროპის კავშირის საბჭო
European Parliament/Multimedia Centre

ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბრის შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა, რომელშიც, მათ შორის, მთავრობის არჩეულ კურსს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ევროინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას ხელახლა ადასტურებს. 

საბჭო წერს, რომ მთავრობის არჩეული კურსი საქართველოს ევროპულ გზას ძირს უთხრის და, შედეგად, გაწევრიანების მოლაპარაკებებს ფაქტობრივად გაჩერებულია.

გარდა ამისა, EU-ს საბჭო ასევე დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებასაც უსვამს ხაზს. 

როგორც დოკუმენტში წერია, ევროპული საბჭო ხელახლა ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას განაგრძობს.

ევროპული საბჭო ევროპულ გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის ევროკავშირის მზაობას ხელახლა ადასტურებს და, ამავდროულად, იმეორებს  სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებელ პრინციპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

ევროპული საბჭო იმეორებს, რომ ამგვარი კურსი საქართველოს ევროპულ გზას საფრთხეს უქმნის და ფაქტობრივად აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი, მდგრადი რეფორმები გაატაროს, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის ძირეულ ღირებულებებთან თანხვედრაში მოდის. ევროპული საბჭო ვითარების ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს.

ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება,  საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოვა და საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია დაცული იყოს.

ევროპული საბჭო ხელახლა ადასტურებს ევროკავშირის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. ის ხაზს უსვამს ევროკავშირის უწყვეტ ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი.

კომენტარები