ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან საუბრისას განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ბაზების ძიების დროს ისრაელის ძალებმა თანამედროვე რუსული შეიარაღება აღმოაჩინა.
ინტერვიუში, რომელიც Le Figaro-მ დღეს გამოაქვეყნა, ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ 2006 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ფარგლებში ლიტანის მდინარის სამხრეთით შეიარაღების ქონის უფლება მხოლოდ ლიბანის არმიას ჰქონდა.
თუმცა, ნეთანიაჰუს თქმით, "ამ ტერიტორიაზე ჰეზბოლამ ასობით გვირაბი და ფარული მარაგი გათხარა, სადაც ჩვენ [ისრაელმა] ახლახან გარკვეული რაოდენობის თანამედროვე რუსული შეიარაღება აღმოაჩინა".
გაზეთთან საუბრისას ისრაელის პრემიერმა ასევე თქვა, რომ "ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნება. თავისთავად, ჩვენი მიზანი არ არის ამის [სამოქალაქო ომის] პროვოცირება. ლიბანის შიდა საქმეებში ჩარევა ისრაელის განზრახვა არ არის".
"ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანის საზღვრის გასწვრივ ცხოვრობენ, სახლში დაბრუნებისა და უსაფრთხოების განცდის საშუალება მივცეთ". - დაამატა მან.





