გერმანია

შტაზის ყოფილ თანამშრომელს საზღვრის გადაკვეთის მსურველის მკვლელობისთვის 10 წელი მიუსაჯეს

Sebastian Gollnow/dpa/picture alliance

ბერლინში სასამართლომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საიდუმლო პოლიციის, შტაზის ყოფილ თანამშრომელს, 80 წლის მარტინ ნაუმანს, 1974 წელს საზღვრის გადაკვეთის მსურველი პოლონელი კაცის მკვლელობისთვის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა გერმანიაში შტაზის ყოფილი თანამშრომელი მსახურების დროს ჩადენილი ქმედებისთვის გაასამართლეს.

სასამართლომ ნაუმანი 50 წლის წინ პოლონელი ჩესლავ კუკუჩკას მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

შემთხვევის დღეს მსხვერპლი აღმოსავლეთ ბერლინში პოლონეთის საელჩოში ყალბი ასაფეთქებლით შევიდა და დასავლეთ გერმანიაში შეშვება ითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საელჩოს აფეთქებით იმუქრებოდა.

შტაზიმ მოიტყუა, რომ კუკუჩკას საზღვარზე გადაუშვებდნენ, სინამდვილეში კი ნაუმანს მსხვერპლის "განეიტრალება" დაევალა.

საიდუმლო პოლიციამ მას დოკუმენტები გადასცა და ფრიდრიხშტრასეს სასაზღვრო პუნქტამდე მიაცილა. როდესაც კუკუჩკამ ყველა საჭირო პროცედურა გაიარა, ნაუმანმა მას ახლო მანძილზე ზურგში ესროლა და მოკლა.

შემთხვევის დროს დასავლეთ გერმანიაში მცხოვრები სამი მოსწავლე სახლში ბრუნდებოდა და მკვლელობას შეესწრო. მათ სასამართლოზე ნაუმანის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

ამასთან, 2016 წელს შტაზის არქივების გახსნის შემდეგ გაირკვა, რომ ნაუმანი მკვლელობისთვის სამხედრო მედლით დაჯილდოვდა, რაც სასამართლო საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება აღმოჩნდა.

კომენტარები