არჩევნები 2024

ჩემი ხმა: სკოლებში მოსწავლეებისგან მათი მშობლების პერსონალურ მონაცემებს ითხოვენ

ლონდა თოლორაია

სადამკვირვებლო მისიის, ჩემი ხმის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების ფაქტები სკოლებში დაფიქსირდა.

ლონდა თოლორაიას თქმით, სკოლებში, მოსწავლეებს მშობლების პირადი მონაცემების გადაცემას სთხოვენ. სადამკვირვებლო მისია პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა დადგინდეს, რამდენად კანონიერია "არასრულწლოვნებისაგან მათი მშობლების პერსონალური მონაცემების შეგროვება".

"რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლებში, მოსწავლეებისგან გროვდება მათი მშობლების პერსონალური მონაცემები. აუცილებლად ამ საკითხზე უნდა გააკეთოს განცხადება განათლების სამინისტრომ, რაში დასჭირდა მოსწავლეებისგან ამ ინფორმაციის შეგროვება, ვინაიდან განათლების სამინისტროს ისედაც აქვს ბავშვების კანონიერი წარმომადგენლების შესახებ პერსონალური მონაცემები, რაც საჭიროა სასწავლო პროცესის მართვისათვის და მოვითხოვთ, აღნიშნული საკითხი შეისწავლოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა, რამდენად კანონიერია არასრულწლოვნებისაგან მათი მშობლების პერსონალური მონაცემების შეგროვება". - თქვა თოლორაიამ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, სკოლებში ბავშვებს მშობლების პირად მონაცემებს სთხოვენ, ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს, 14 ოქტომბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"სკოლებში ასეთ მონაცემებს რომ სთხოვენ ბავშვებს ეს პირადი მონაცემების დარღვევაა! არ უნდა გასცეს ბავშვმა მშობლების პირადი ნომერი! საინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიკაცია!" - წერს ზურაბიშვილი. 

კომენტარები