უმუშევრობის შემცირება 4%-მდე, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, საშუალო ხელფასის გაზრდა 3500-ლარამდე - ამ საკითხებზე პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.
"უმუშევრობის კუთხითაც გვქონდა უმძიმესი მდგომარეობა 2012 წელს - 26.7% იყო უმუშევრობა ქვეყანაში. ჩვენ მოვახერხეთ და გავანახევრეთ უმუშევრობა ქვეყანაში, 13.7%-ია დღევანდელი მოცეულობა. ამოცანა გვაქვს ძალიან ამბიციური და რეალისტური ამბიციურთან ერთად, 4%-მდე უმუშევრობის შემცირება - ეს არის ჩვენი ამოცანა. ევროპულ ქვეყნებში საშუალო უმუშევრობის დონეა 6%. ჩვენი ამოცანაა 4%-ზე განვსაზღვროთ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში.
1 217 000 ადამიანი იყო დასაქმებული 2021 წელს, მხოლოდ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში 170 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამ ტემპის შენარჩუნების პირობებში, შეგვიძლია თამამად გავცეთ დაპირება, რომ 2028 წლისთვის 200 000 ახალი სამუშაო ადგილი მინიმუმ დაემატება ჩვენს ქვეყანას.
712.5 ლარი იყო 2012 წლისთვის საშუალო ხელფასი. დღევანდელი მონაცემებით, საშუალო ხელფასმა გადააჭარბა 2000 ლარს. არსებული ტენდენციების პირობებში, 3500 ლარამდე გაიზრდება 2028 წლისთვის საშუალო ხელფასი" - ამბობს კობახიძე.
პრემიერმინისტრის თქმითვე, ქართული ოცნების "ამბიციური ამოცანაა" - 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტმა 50 მილიარდ ლარს გადააჭარბოს.





