გამოცემა Reuters-ი უსაფრთხოების საკითხებში ორ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ელიტარული ყუდსის ძალების მეთაური, ისმაილ ყაანი, რომელიც მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მემკვიდრეა, ბეირუთზე ისრაელის იერიშების შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა.
წყაროების ინფორმაციით, ყაანი ლიბანში ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ ჩავიდა. ერთ-ერთი ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, ყაანი ბეირუთის დაჰიეს უბანში იმყოფებოდა, როდესაც ისრაელმა ჰეზბოლას ახალ სავარაუდო ლიდერზე, ჰაშიმ საფი ალ-დინზე იერიში მიიტანა, თუმცა მისი თქმით, ყაანი საფი ალ-დინს იერიშის მომენტში არ ხვდებოდა.
4 ოქტომბერს ამერიკულმა მედია Axios-მა ისრაელის სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 3 ოქტომბერს ბეირუთზე მიტანილი იერიშის სამიზნე ჰაშიმ საფი ალ-დინი იყო, რომელიც მიწისქვეშა ბუნკერში იმალებოდა.
გასულ დღეებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 მათგანი მოკვდა და ასობით კი დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი: 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა, რაც ტერორისტული დაჯგუფებისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია.
მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს, ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ხოლო ირანმა ამავე დღეს ისრაელზე 181 ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში. ისრაელმა, აშშ-მ და რეგიონულმა პარტნიორებმა ობიექტების ნაწილის ჩამოგდება შეძლეს, ახლა კი იერუსალიმი საპასუხო დარტყმისთვის ემზადება.





