სსრკ-ნორვეგია

"КГБ-ს აგენტთან ერთად სენდვიჩებს ვჭამდი" – იენს სტოლტენბერგის ინტერვიუ FT-სთან

იენს სტოლტენბერგი
Yves Herman/Reuters

Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ 1980-იანებში КГБ-ს აგენტთან, ბორის კირილოვთან პირისპირი შეხვედრები ჰქონდა.

კირილოვი ნორვეგიაში ოფიციალურად დიპლომატიურ თანამდებობას იკავებდა. მასთან შეხვედრების დაწყებისას სტოლტენბერგი ნორვეგიის მუშათა ახალგაზრდული ლიგის ლიდერი იყო.

"მამაჩემმა მითხრა, რომ რუსულ საელჩოში ლაპარაკი მხოლოდ КГБ-ს ხალხთან იყო აუცილებელი, რადგან მხოლოდ მათ ჰქონდათ რაიმე გავლენა. [...] არასდროს გამიკეთებია არაფერი, რისიც მრცხვენია, მაგრამ მთელი აზრი ის იყო, რომ სადილზე მპატიჟებდნენ და დაახლოებით თვეში ერთხელ ოსლოში ერთსა და იმავე რესტორანსა და მაგიდაზე დიდ კრევეტების სენდვიჩებს ვჭამდი კაცთან ერთად, რომელსაც კირილოვი ერქვა. და ის КГБ-ში იყო. უეჭველად". თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგს მამამისმა, ტორვალდმა ურჩია, რომ ამ შეხვედრებს დათანხმებოდა.

მოგვიანებით, სტოლტენბერგმა ნორვეგიის კონტრდაზვერვის დავალებით კირილოვის გადაბირება სცადა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.

"1991 წელს ნორვეგიული კონტრდაზვერვა ჩემთან მოვიდა და მითხრა: შეგიძლია, დაგვეხმარო, დავარწმუნოთ კირილოვი, რომ დეზერტირი გახდეს? მას 10 წელი ვიცნობდი, ამ კაცს. მასთან უკანასკნელი ლანჩი მქონდა და ვუთხარი: მე გიცნობ, შენ მიცნობ, თუ გადახტომა, მოტრიალება გინდა - ნორვეგია მშვენიერი ქვეყანაა. მოგივლიან". - თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის ოჯახს КГБ-ს სხვა წარმომადგენლებთანაც ჰქონია შეხება. თორვალდ სტოლტენბერგი ვიკტორ გრუშკოს იცნობდა, რომელიც ნორვეგიაში КГБ-ს აგენტი იყო. გრუშკოს შვილი, ალექსანდრი, რომელიც NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანთან ერთად ბავშვობაში თამაშობდა, კი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს.

მოგვიანებით, КГБ-ს არქივების გახსნის შემდეგ სტოლტენბერგმა შეიტყო, რომ კირილოვთან კომუნიკაციის განმავლობაში მისი კოდური სახელი "სტეკლოვი" იყო.

2000 წელს ნორვეგიულ ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1991 წელს ბორის კირილოვი სტოლტენბერგის გადაბირებას ცდილობდა. ამის შესახებ დასავლეთში გაქცეული КГБ-ს ყოფილი აგენტი, მიხაილ ბუტკოვი საუბროდა, რომელმაც ნორვეგიაში КГБ-ს ქსელი ამხილა.

იენს სტოლტენბერგი NATO- გენერალური მდივნის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს მარკ რუტემ ჩაანაცვლა.

კომენტარები