მეცნიერებმა მექსიკაში დინოზავრის აქამდე უცნობი, ტირანოზავრებთან მონათესავე სახეობა, Labocania aguilonae აღმოაჩინეს, რომელიც ზედა ცარცული ეპოქის კამპანიური საუკუნის დროს, 72,5 მილიონი წლის წინ ცოცხლობდა.
მკვლევრებმა ეს დასკვნა 24 წლის წინ მექსიკაში ნაპოვნი ძვლების საფუძველზე გააკეთეს, რომელიც დღემდე მუზეუმში კომოდში ინახებოდა.
მეცნიერები კოაუილას შტატში Cerro de Pueblo-ს ფორმაციის გათხრისას აღმოჩენილი ძვლების ფილოგენეტიკური ანალიზის საფუძველზე ამბობენ, რომ ისინი ტირანოზავრიდების აქამდე უცნობ სახეობას განეკუთვნება.
ამის შესახებ კვლევა ჟურნალ Fossil Studies-ში გამოქვეყნდა.
კამპანიურ საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკაში ტირანოზავრიდების ოჯახის მრავალი სახეობა ცოცხლობდა - ამის შესახებ მეცნიერებმა ძირითადად ჩრდილოეთ-დასავლეთ ამერიკაში აღმოჩენილი არაერთი სახეობის ნამარხებიდან იციან. თუმცა, მექსიკაში აქამდე ტირანოზავრიდის მხოლოდ ერთი სახეობა, Labocania anomala, იყო აღმოჩენილი.
კვლევის თანაავტორმა, ჰექტორ რივერა-სილვამ New York Times-თან საუბრისას თქვა, რომ მათ მიერ გამოკვლეული ნიმუში თავის ქალის ნაწილებს, კიდურებს, თეძოებსა და ხერხემლის სვეტს მოიცავს, რის გამოც "რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია".
"სენომანური და ტურონიული საუკუნეების დროს (100-89 მილიონი წლის წინ), ტირანოზავრთა ჯგუფი შედარებით მცირე იყო, სპეციალიებული და მრავალფეროვანი არ ყოფილა [...] თუმცა, კამპანიური საუკუნისთვის (83 მილიონი წლის წინ), მათ მსხვილი ადაპტური რადიაცია (რედ. - ტაქსონომიური სხვაობების მასობრივი ზრდა შედარებით მოკლე პერიოდში) განიცადეს, გამრავალფეროვნდნენ და უფრო დიდი, სპეციალიზებული ფორმების წარმოება დაიწყეს. [...] Labocania-ს კლადი სამხრეთ ლარამიდიაში დომინირებდა, როცა ჩრდილოეთში დასპლეტოზავრინები და ალბერტოზავრინები დომინირებდნენ". - წერია კვლევაში.
მეცნიერთა ანალიზის თანახმად, Labocania aguilonae და ტირანოზავრიდთა ოჯახის სამხრეთით აღმოჩენილი სხვა სახეობები Teretaphonii-ს ჯგუფს განეკუთვნება. მათი თქმით, ეს ჯგუფი Tyrannosaurus rex-ს უფრო ახლოს ენათესავება, ვიდრე ალბერტოზავრი და სხვა სახეობები, რომლებიც კამპანიურ საუკუნეში დღევანდელ ჩრდილოეთ-დასავლეთ ამერიკაში იყვნენ გავრცელებულები.
"არცერთი ამ ცხოველის სრული ჩონჩხი არ გვაქვს, მაგრამ როცა პოულობ ადგილებს, რომლებშიც იკვეთებიან, ერთმანეთს ჰგვანან. გამორჩეული თავის ქალები, ანატომია და კიდურები აქვთ. სხვა ტირანოზავრებისგან ოდნავ განსხვავებულები არიან". - თქვა New York Times-თან საუბრისას კვლევის თანაავტორმა, ნიკოლას ლონგრიხმა.
კვლევაში ნათქვამია, რომ ახალი აღმოჩენა ზედა ცარცულ პერიოდში ტირანოზავრიდების მრავალფეროვნებას ხაზს უსვამს.
"ეს (რედ. - აღმოჩენა) Cerro del Pueblo-ს ფორმაციას მრავალფეროვნებას მატებს და აჩვენებს, რომ ზედა ცარცულ პერიოდში ტირანოზავრებში ენდემურობა არსებობდა, არსებობდა განცალკევებული სახეობები და კლადები, რომლებიც ჩრდილოეთით დიდ ვაკეებში, სამხრეთით კი ამერიკის სამხრეთდასავლეთსა და მექსიკაში სახლობდნენ". - წერია კვლევაში.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ძუძუმწოვრებთან შედარებით მტაცებელ დინოზავრებში ენდემურობის მაღალი დონე უჩვეულოა და ამის მიზეზები ჯერჯერობით გაუგებარია.
"ტირანოზავრიდებში ენდემურობის მაღალი დონე საყურადღებოა, რადგან თანამედროვე უმაღლეს მტაცებლებს ფართო გეოგრაფიული გავრცელების არე აქვთ, და მიანიშნებს, რომ ხორცისმჭამელი დინოზავრების მრავალფეროვნება აქამდე სათანადოდ არ იყო შეფასებული. [...] მიზეზი, თუ რატომ ავლენენ დიდი დინოზავრები თანამედროვე ძუძუმწოვრებთან შედარებით ენდემურობის უჩვეულოდ მაღალ დონეს, გაურკვეველია". - წერია სტატიაში.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შეზღუდული გეოგრაფიული შერჩევის გამო, სავარაუდოდ, ტირანოზავრიდების მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც ჯერ კიდევ აღმოუჩენელია.





