რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ლიბანში ისრაელის ლიმიტირებულ სახმელეთო ოპერაციას გმობს და ისრაელს მოუწოდებს, თავისი ჯარი ტერიტორიიდან გაიყვანოს.
"აშკარაა, რომ ასეთი ნაბიჯი, რომელიც ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჰეზბოლას რიგი ლიდერების მკვლელობის შემდეგ გადადგა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ძალადობის ესკალაციას განაგრძობს. რუსეთი მტკიცედ გმობს ლიბანზე თავდასხმას და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებს, სამხედრო ქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, ლიბანის ტერიტორიიდან ჯარისკაცები გაიყვანოს და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის რეგულირებისთვის მშვიდობიანი გზების ძიება რეალურად დაიწყოს.
სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარი ლიბანის მთავრობასა და ერს, რომელიც შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა. გარდაცვლილთა ახლობლებსა და ნათესავებს გულწრფელად ვუსამძიმრებთ". - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
1 ოქტომბერს ღამით ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
გასულ დღეებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე 12 მათგანი მოკვდა და რამდენიმე ასეული დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა ჯგუფი. 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა. ეს ჯგუფისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია.
ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმისა და ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ისრაელზე იერიშების ჰეზბოლას მხრიდან გავრცელდა. ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს ფაქტობრივად აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა, ჰეზბოლამ ისრაელზე უფრო მასობრივი იერიშების მიტანა სცადა და ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. თავდაპირველად ამ ჰანიას მკვლელობაზე შურისძიების პირობას ირანიც დებდა, თუმცა საბოლოოდ მათი რიტორიკა შერბილდა და იერუსალიმის წინააღმდეგ მასშტაბური საპასუხო მოქმედებები არ დაუწყიათ.





