საქართველო-აშშ

კალაძე მიწვევის გაუქმებაზე: ამ პროვოკაციას სახელი აუცილებლად დაერქმევა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბაიდენის სახელით გამართულ მსოფლიო ლიდერების ვახშამზე კობახიძისთვის მიწვევის გაუქმება "პროვოკაციად" მოიხსენია და თქვა, რომ მას "თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა". 

"ამ პროვოკაციას, ვფიქრობ, თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა ადრე თუ გვიან, რადგან ისტორია ყოველთვის თავის ადგილს უჩენს მსგავს ფაქტებს, ჩვენ კი ჩვენი ისტორია გვაქვს დასაწერი, მეგობრებო". - თქვა კალაძემ. 

კალაძის მტკიცებით, კობახიძის მიწვევის გაუქმება "რადიკალური ოპოზიციის" წახალისებას ემსახურებოდა და მსგავსი ნაბიჯები დიპლომატიის ისტორიაში იშვიათია. 

"ალბათ რთულია მოიძიო დიპლომატიაში მსგავსი მაგალითი, რაც ახლახან ვიხილეთ - საქართველოს პრემიერმინისტრის მიწვევა აშშ-ს პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ მიწვევის გაუქმებით წაეხალისებინათ რადიკალური ოპოზიცია". - თქვა კალაძემ. 

თბილისის მერი დასავლეთის მხრიდან სხვა დიპლომატიურ ნაბიჯებსაც შეეხო და აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ანტიდასავალური რიტორიკის კრიტიკა მმართველ პარტიაზე ზეწოლად და ძალადობად მოიხსენია. მისივე თქმით, დასავლეთის "აბსურდამდე მისული" განცხადებები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

"გაუგონარი მასშტაბები მიიღო ზეწოლამ და ძალადობამ ქართულ ოცნებაზე და საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც მხარს უჭერს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების კურსს. უცხო ძალების დაფინანსებით წახალისებული ე.წ. არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია ბოლო რამდენიმე წელია ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, გამოიწვიოს ქაოსი, არეულობა და დაძაბულობა შემოიტანოს ქვეყანაში.

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედანაც, რაც გამოიხატება კონკრეტულ განცხადებებში, არაფრის მთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში, აბსურდამდე მისული მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ". - თქვა კალაძემ. 

25 სექტემბერს აშშ-ს საელჩომ საქართველოში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა, ხოლო საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე უარი თქვა.

გადაწყვეტილების მიზეზად საელჩომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-სა და დასავლეთის მიმართ დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დაასახელა.

კობახიძემ ბაიდენის ვახშამზე მისთვის მისაწვევის გაუქმებას "ბავშვური ნაბიჯი" უწოდა და თქვა, რომ "გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის" აშშ-ს.

კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე თავდაპირველად ინფორმაცია ამერიკის ხმამ გაავრცელა. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნული დაადასტურა და თქვა - "მე როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა".

აშშ-ს საელჩოს მიერ ოფიციალური განმარტების გაკეთებამდე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკიც და თქვა, რომ გადაწყვეტილება "პოლიტიკური დემარშია" და ეს ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი არ არის.

კომენტარები