ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების ხარისხის ავტორიზაციის საბჭოს მიერ, 1 წლიანი, პირობითი ავტორიზაციის მინიჭების გადაწყვეტილებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 26 სექტემბერს გამართულ ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, ბიურომ განმარტების გარეშე შეცვალა ექსპერტთა წარდგენილი უმაღლესი შეფასებები.
აქამდე განათლების მკვლევარმა, სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ბიურომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის ვადით, პირობითი ავტორიზაციის სახით მიანიჭა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა (იხ. ამონარიდი დოკუმენტიდან).
გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.
ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას.
ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს". - წერია განცხადებაში.





