არჩევნები 2024

გვარამია: არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს

ნიკა გვარამია

დღეს, 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა, პარტია ახალის თავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ 2024 წლის პარლამენტის საარჩევნო სიაში არ იქნება, რათა "გზა გაეხსნათ ახალ პოლიტიკურ აქტორებს".

"მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ლიდერი ვარ და მიმაჩნია, რომ უნდა დავრჩე პარტიის, კოალიციის ლიდერად და ყველაფერი გავაკეთო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. კვლავ ვრჩები კოალიციის ლიდერად, პარტია ახალის ლიდერადაც, მაგრამ პარლამენტში მინდა, რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს.

ჩემი კონკრეტული ერთი მაგალითით მინდა, რომ სხვა პარტიებს ასევე, და ზოგადად საზოგადოებას ვუთხრა ჩემი პოზიცია - მივცეთ ფართო გზა ახალ პოლიტიკურ აქტორებს. ჩვენ ვიყოთ პოლიტიკაში, ვაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები, მაგრამ მნიშვნელოვანია ხალხთან კომუნიცირებდნენ ისინი, ვინც რეალურად ახლა იწყებს პოლიტიკურ გზას ისევე, როგორც საქართველო ახლა იწყებს ევროპისკენ მსვლელობას და აუცილებლად მივა დანიშნულების წერტილამდე.

ჩემი ამ გადაწყვეტილებით მინდა ხაზგასმა იმისა, რომ კოალიცია ცვლილებისთვის სწორედ ცვლილებაზეა ორიენტირებული და არა ჩანაცვლებაზე. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილის ადგილი დავიკავოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი, თავისი რუსული ორიენტაციით, ამ ქვეყანას ჩამოშორდეს, ვგულისხმობ პოლიტიკურ მმართველობას, და ძალაუფლება და ქვეყნის ხელისუფლება გადაიბარონ ადამიანებმა, ვინც პროპაგანდისთვის მოწყვლადი არ იქნება, ვინც ახალ გზებს დაადგება და ვისაც მე ჩემი შესაძლებლობებით, გამოცდილებით დავეხმარები და ასევე ვიქნები მოდარაჯე მათი შეცდომების.

მე ვარ ჩემი პარტიის თავმჯდომარე, კოალიციის ლიდერი და მე მექნება ჩემი საქმე. ყველანაირად დავეხმარები ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაშვების საქმეს.

[...] [ჩემი გადაწყვეტილება] არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს სამთავრობო სიაში თუ არ ვარ, ვიქნები სამთავრობო კანდიდატი, პრემიერმინისტრობის თუ ა.შ. - არა. მე ხელი მაქვს მოწერილი ქართულ ქარტიაზე და ვრჩები ერთგული ისევე, როგორც ჩვენი კოალიცია ამ ქარტიის ერთგულია, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ მომავალი მთავრობის, ე.წ. გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელი იქნება არაპარტიული კანდიდატი. ". - თქვა გვარამიამ.

კომენტარები