ოკუპირებული ცხინვალი

აშშ-მ ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი ბანკი დაასანქცირა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკზე ფინანსური სანქციები დააწესა. დეპარტამენტის განმარტებით, MRB რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სანქციებისთვის თავის არიდების სქემაში იყო ჩართული. 

ხაზინის განცხადებაში წერია, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის შემუშავებული სქემის შესაბამისად, MRB Bank-ი სანქცირებულ ბანკებს, რუსულ TSMRBank-სა და ჩრდილოეთ კორეულ Foreign Trade Bank-სა (FTB) და Korea Kwangson Banking Corporation-ს (KKBC) შორის ფინანსური ტრანზაქციების დასამალად გამოიყენებოდა - TSMRBank-ის ვიცეპრეზიდენტმა, დმიტრი ნიკულინმა MRB-ში FTB-სა და KKBC-ს ანგარიშები შექმნა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ ანგარიშებზე თანხა დარიცხულიყო.

ხაზინის ინფორმაციით, ეს ფინანსური სქემა, მათ შორის, იარაღით ვაჭრობისთვისა და ჩრდილოეთ კორეისთვის რუსული საწვავის მიწოდებისთვის გამოიყენებოდა.

"აშშ-ს კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი გამოვიყენოთ ამ და სხვა სქემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ომს ეხმარება და საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე ჩრდილოეთ კორეის უკანონო წვდომას უზრუნველყოფს". - თქვა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში მდივნის მოქმედმა მოადგილემ, ბრედლი სმითმა.

როგორც TSMRBank-ი, ისევე KKBC და FTB აქამდე უკვე სანქცირებული იყო აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ.

კომენტარები