"ლევან ცუცქირიძის გაცხადების გამო ჩაიშალა ეს ყველაფერი? მე გეტყვით, რომ არ მჯერა ამის, შეუძლებელია, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის გადასადგამი ნაბიჯი, შუა ველის შეკრება დააზიანო ერთი პოლიტიკური განცხადების გამო, წარმოუდგენელია ჩემთვის" - ამის შესახებ ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ TV პირველის ეთერში, გიორგი გახარიას პარტიასთან მოლაპარაკებების ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა.
"გუშინ საღამოს თუ შეთანხმება არსებობდა ყველა პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხზე, დღეს დილით რა მოხდა, რა შეიცვალა, ამაზე პასუხი არ გვაქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაც კი შოკში ჩავარდა, ლევან ცუცქირიძის განცხადების გამო მოლაპარაკების ჩაგდება არის სრულიად წარმოუდგენელი, როცა ყველაფერზე თანახმა ხარ ამ პროცესში" - ამბობს კუპრაძე და ირწმუნება, რომ ხელმოწერაზე თანახმა იყვნენ ლევან ცუცქირიძე და ანა დოლიძეც.
"არა, როგორ იყო წინააღმდეგი [ლევან ცუცქირიძე], მისი განცხადება წაიკითხეთ ეთერში... ანა დოლიძეც თანახმა იყო... როგორ შეიძლება, ადამიანი გეუბნებოდეს, თანახმა ვარო და "არა, არა ხარ თანახმაო". თანახმაა, რა თქმა უნდა.
ხელმოწერა იყო დარჩენილი, რომელიც შეიცვალა ერთი სატელეფონო ზარით, რომ თურმე ლევან ცუცქირიძის განცხადება იყო მიუღებელი, რის გამოც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შეთანხმება გადაავადეს" - თქვა კუპრაძემ.
რაც შეეხება გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის ბოლო შეხვედრას, რომელიც 19 სექტემბრის 19:00-ზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, ლელოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ "იყო ძალიან ბევრი მცდელობა, საკითხი დაბრუნებოდა შესაბამის პრინციპებს, პირობებს, რომლებიც უნდა ყოფილიყო შეთანხმების საგანი". ასევე, მისი ინფორმაციით, "შეხვედრის 80% დაეთმო ლევან ცუცქირიძის განცხადებას და მის განხილვას".
"ამაზე პასუხი გიორგი გახარიამ უნდა გასცეს და თქვას, რა მოხდა გუშინდელი საღამოდან დღეს დილამდე ისეთი, რამაც შეცვალა სრულიად გიორგი გახარიას მზაობა, ხელი მოეწერა იმ შეთანხმებისთვის და ყველაფერი დავიდა საბაბამდე, ეს არის საბაბი, რა თქმა უნდა, ლევან ცუცქირიძის განცხადება თუ 15-წუთიანი გადაცემა, სადაც არანაირი უბედური თავდასხმა და კრიტიკა არ ყოფილა. ნურავის ნუ გაუკვირდება, რომ ჩვენ ისეთი კოალიცია შევქმენით, ისეთი შუა ველი, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ დამოუკიდებელი ხასიათი...
...თქვენ, როგორც მოქალაქემ, 20 ივნისის საკითხის განხილვა ხო გადადეთ არჩევნების შემდეგ, ია კერზაიას საქმის განხილვა ხომ გადადეთ არჩევნების შემდეგ და ლევან ცუცქირიძის განცხადების განხილვა არჩევნების შემდეგ ყოფილა პრობლემა. ჩემთვის გაუგებარია" - მიმართა კუპრაძემ გადაცემა რეაქციის წამყვანს, ინგა გრიგოლიას.
- თავისუფლების მოედანი: ხაზარაძე გახარიასთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენი ნდობით სარგებლობს
- დოლიძე: გახარიამ მოლაპარაკება ჩაშალა, ჩვენ ვართ კოალიცია და დამახასიათებელია დისკუსია
მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის საარჩევნო ერთობაზე მოლაპარაკებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ შორის, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში.
პარტიამ გახარია-საქართველოსთვის დღეს, 19 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ლელოსთან შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, რადგან მეორე მხარემ "შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია."
მალევე, ლელოს წევრებმა თქვეს, რომ ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი იყო და შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად იყვნენ.
გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ კოალიციის შიგნით კონსენსუსი ვერ შედგა და ამას ძლიერი საქართველოს წევრების - ლევან ცუცქირიძის და ანა დოლიძის განცხადებები ადასტურებს.
"როგორ წარმოგიდგენიათ, ორ სერიოზულ პოლიტიკოსს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, ეს ორი ადამიანი მოლაპარაკებას აწარმოებს და როგორ წარმოგიდგენიათ, ამ დროს გიორგი გახარია თანხმობას აცხადებს რაღაცაზე ხელმოწერაზე, იმ ერთობაზე, რომელსაც საზოგადოება ასე ელოდება და ამ დროს გამოდის ნათია მეზვრიშვილი და ამბობს, რომ წინააღმდეგია მამუკა ხაზარაძესთან და ლელოს გუნდთან რაიმე ტიპის გაერთიანების და ნათია მეზვრიშვილსაც უნდა, რომ იქ მივიდეს და მაგიდასთან დაჯდეს მოლაპარაკების...
ეს [ლევან ცუცქირიძე] არ იყო მარტო ერთი ლიდერი ამ კოალიციის, აქ იყვნენ კიდევ სხვა ლიდერები, თუ არ ვცდები, ქალბატონი დოლიძეც იყო, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს. რამდენად სერიოზულად წარმოგიდგენიათ, შემდგომ ბატონი გახარია გამოვიდეს და თქვას, რომ იცით რა, მე მაქვს კონსენსუსი" - თქვა მეზვრიშვილმა.
გიორგი გახარიას პარტიის განცხადებამდე, თავისუფლების მოედნის დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ კოალიცია ოთხი წევრისგან შედგება და მხოლოდ გიორგი გახარიას გადასაწყვეტი არაა, "როდის რას დაესმება წერტილი". მისივე თქმით, "[გაერთიანებამ] თუ არ მოიტანა შედეგი, ამაზე პასუხისმგებლობას კომენტატორები არ აიღებენ, პასუხისმგებლობა დაგვეკისრება ჩვენ... ყველას დაავიწყდება, რომ წერდნენ: ეს უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა, ყველას დაავიწყდება ვინ რას გვირჩევდა, მაგრამ ყველას დაამახსოვრდება, რომ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება იყო არასწორი". ამასთთან, ცუცქირიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს "სადილისთვის, ორისთვის, სადაც იყო სამუშაო შეხვედრა, მაგრამ ალბათ, კარგი იქნება სადილი ყველასათვის, მოვიდნენ სხვა ადამიანებიც, მოვიდნენ სხვა ჯგუფებიც, დავილაპარაკოთ იმაზე, კიდევ მეტი რა შეიძლება, გაკეთდეს".





